ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფედერაციაში უკვე მივიდა და მუშაობას შეუდგა. მისი თქმით, დღეს ის ყველა მის თანამშრომელს შეხვდება.
კობიაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მას ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით დაუდგა.
“უნდა შევხვდე ყველა თანამშრომელს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა. შევისწავლი და გავეცნობი ყველა პრობლემას, რომელიც არსებობს “, – განაცხადა კობიაშვილმა.