დიმიტრი ქუმსიშვილი „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე მომხდარ დაკავებაში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ორი დღის წინ ქუთაისში, პარლამენტის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე სამი პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარში ვერანაირ პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური სარჩული მეორე მხრიდან უფრო შეიძლება დაინახო ადამიანმა, ვიდრე სამართალდამცავებისგან.
“არანაირ პოლიტიკურ სარჩულს არ ვხედავ. პოლიტიკური სარჩული მეორე მხრიდან შეიძლება უფრო დაინახო ადამიანმა, ვიდრე სამართალდამცავების მხრიდან, იმიტომ, რომ მათ ევალებათ, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს.
შედეგად სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე ხულიგნობის ბრალდებით ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია დააკავეს.