კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ

კატეგორიულად მიუღებელია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, ის ფაქტი, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები საუბრობენ. მინისტრმა განმარტა, რომ დღეს მან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნების დროს საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია შეიტყო. კალაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა არჩევნებში ისეთი დელეგატები შეარჩია, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებაში იყვნენ შემჩნეულნი.
„დღეს შევიტყვე, რომ დელეგატებიდან მესამე პიროვნებაა, რომელიც ნარკოტიკებს მოიხმარს. სხვა პიროვნებებიც ყოფილან დაკავებულები, რომლებიც დელეგატებად ჰყავდა წარდგენილები ერთ-ერთ კანდიდატს, იმის შემდეგ რაც მათ დაუმტკიცდათ ნარკოტიკების მოხმარება, ერთ-ერთმა კანდიდატმა გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები სხვებით ჩაენაცვლებინა. ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდია, რომ დღეს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან, ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის. ჩემთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ და ჯანმრთელ ცხოვრებას. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ. ეს ყველა კანდიდატისთვის მიუღებელი უნდა იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, სფფ-ის ყრილობის დელეგატი და რევაზ არველაძის მხარდამჭერი, გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ გობეჯიშვილის ორგანიზმში სუბოტექსის არსებობა ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა, დასკვნას თავად გობეჯიშვილი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები