კახეთში 109 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 109 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.
როგორც “კვირას” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 74 მლნ ლარს გადააჭარბა.
ამავე ინფორმაციით, კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი – 36,5 ათასი ტონა, თელავი – 24,7 ათასი ტონა, ყვარელი – 19,8 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 7,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,2 ათასი ტონა, ახმეტა – 3,7 ათასი ტონა და საგარეჯო – 6,7 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი, ფაქტობრივად, დასრულებულია. “2 ოქტომბერს დღეღამურად გადამუშავდა 5 439 ტონა, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურია. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 56 ათას ტონამდე, საფერავი – 40 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე და 11,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი”, – ნათქვამია განცხადებაში. რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი – 2 47 01 01 და სპეციალური ვებგვერდი – www.rtveli2015.gov.ge.