იარაღის შეძენის წესი იცვლება

სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის პროცედურები მკაცრდება. იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.
რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული  იარაღის მოხმარების წესების არ ცოდნა, რა წესები უნდა გაითვალისწინოს იარაღის მფლობელმა, რატომ გახდა იარაღის შეძენის პროცედურის გამკაცრება საჭირო და რა დადებითი მხარეები აქვს აღნიშნული წესის დანერგვას, – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „კვირა“  სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.
ალადაშვილი მიიჩნევს, რომ იარაღის შეძენის და დარეგისტრირების ახალი წესი აქამდეც უნდა დანერგილიყო.

– რატომ გახდა საჭირო იარაღის შეძენის პროცედურების გამკაცრება?

– მიმაჩნია, რომ აღნიშნული წესი ძალიან დიდი ხნით ადრე უნდა დაენერგათ.  ამას ყოველთვის ვამბობდი, იარაღთან შეხება  მაქვს ბოლო 30 წელია და ვიცი, რამდენად სახიფათოა იარაღთან ურთიერთობა.ვისაც ნაკლები გამოცდილება აქვს, ასეთი გამოცდის შემოღება მემგონი საკმაოდ აუცილებელია. დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელი. თუ ადამიანს ვანდობთ საჭეს, ავტომობილის მართვას და აბარებს გამოცდას,  რატომ არ  უნდა ჩააბაროს ასეთი გამოცდა იარაღის შეძენისას?!

– როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია მხოოდ თეორიული გამოციდის ჩაბარება?

– მარტო თეორიული გამოცდა საკმარისი არ არის. პრაქტიკული გამოცდილებაა მთავარი. პირადად მე ასე ჩავატარებდი: თეორიულს პლიუს პრაქტიკული გამოცდა. იარაღის განმუხტვა ანუ  ვაზნები როგორ უნდა ჩაიდოს მჭიდში,  როგორ უნდა გადაიტენოს და ა.შ.

ელემენტარული სროლა უნდა იცოდეს იმან, ვინც ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობს. ამას უნდა იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესის ცოდნა.  იარაღის დაშლა-აწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ადამიანს აქვს იარაღი, მაგრამ აქვს ბუნებრივი შიში მის მიმართ, ამიტომაც პრაქტიკული გამოცდა  დადგენილი უნდა აიყოს.

– აქამდე როგორ ხდებოდა იარაღის შეძენა, რა პროცედურები იყო საჭირო?

– საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც არ იყო ნასამართლევი, მიჰქონდა  სამედიცინო ცნობა და ჩვეულებრივად, შეეძლო შეეძინა როგორც  გრძელლულიანი, ასევე მოკლელულიანი იარაღი, მათ შორის, თოფი და შაშხანა.

– სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელმა რა წესები უნდა დაიცვას?

– ერთი დაუწერელი კანონი არსებობს და ყველას, ვისაც აქვს იარაღი ან  სურს მისი შეძენა, ვურჩევ იარაღი არასოდეს არასოდეს მიმართოს ადამინის მხარეს, თუ რა თქმა უნდა, სროლას არ აპირებ და გადაწყვეტილი არ აქვს.

გარდა ამისა, საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით,  არ უნდა იარონ გადატენილი იარაღით. მის გადატენვას 2-3 წამი უნდა, ამიტომ იგი ასეთ მდგომარეობაში საფრთხეს წარმოადგენს.

ასევე, ბავშვებისგან შორს უნდა იყოს.  კანონით  კი არის დადგენილი, რომ სეიფში უნდა ინახებოდეს ,მაგრამ ზოგს არ აქვს და ღიად უდევს.
უნდა იყოს  არასაბრძოლო მდგომარეობაში და უცხო ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იარაღთით თამაშის საშუალება.

– როგორ ფიქრობთ, აღნიშული წესის დანერგვამდე, გაიზრდება თუ არა იარაღის შეძენის მსურველთა რაოდენობა?

– შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ვისაც უნდოდა იარაღის ყიდვა, ნაყიდი აქვს უკვე. არ მგონია, ერთი თვის განმავლობაში საოცრება მოხდეს და დიდი რაოდენობის იარაღი გაიყიდოს.

– სად შეიძლება  სროლის სწავლება?

– არის რამდენიმე კერძო პირი საქართველოში,  რომლებიც ასწავლიან.  ვერ გეტყით, ფინანსურად რამდენად მომგებიანია ოფიციალურად ამის გაკეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები