შსს-ში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთიანი სისტემა ყალიბდება

 სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებისთვის მთავრობა რეფორმას იწყებს. შსს-ს შემადგენლობაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ერთიანი სისტემა ყალიბდება. ყველა დონის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი დაქვემდებარებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გაერთიანდება. რეფორმა 2014-2015 წლებზეა გაწერილი და განსაზღვრულია “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” ახალ კანონპროექტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომზადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები დღეისთვის შედიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში. კანონის ამოქმედების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალი ლიკვიდაციას დაექვემდებარება. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაეცემა.
“მოცემული სისტემის შესწავლა-ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანაში გამართულად ვერ მუშაობს საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობის, ტერიტორიის დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, მოშლილია და საერთოდ არ არსებობს სამოქალაქო თავდაცვის ინსტიტუტები. აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონები კი მხოლოდ ფრაგმენტულად არეგულირებენ ხანძრებით და სხვა საგანგებო სიტუაციებით გამოწვეულ ცალკეულ ექსტრემალურ სიტუაციებს, კომპლექსურად ვერ წყვეტენ მათი პრევენციისა და რეაგირების ღინისძიებებს. არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურების შემდგომი მოდერნიზება, განვითარება და რეაგირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება”, – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები