29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს, 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს გულის მსოფლიო ფედერაციის წევრი 100 ქვეყანა და საქართველოს გულის ფონდი ერთდროულად აღნიშნავს.
დღევანდელთან დაკავშირებით, თბილისში, 35-ე სპორტული სკოლის ბაზაზე სპორტული ღონისძიება გაიმართება, რომელიც 14.00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ინიციატორია Open Fun Football Schools, რომელიც საქართველოს გულის ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს.
თავის მხრივ, საქართველოს გულის ფონდი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო კონფერენციას გამართავს, რომელზეც მოხსენებებით ცნობილი ქართველი კარდიოლოგები წარდგებიან. გულის მსოფლიო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. სტატისტიკის თანახმად, გულის დაავადებათა პრევენციის თემა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში აქტუალურია.
2012 წელს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 17.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 გარდაცვლილიდან სამი სწორედ ამ მიზეზით იღუპება.
აქედან 7.4 მილიონი კი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა. შეგახსენებთ, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრი, მერაბ მამაცაშვილია.