გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი სასწავლო პროგრამა დანერგა
გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა “გარემოსდაცვითი მმართველი” წარმოადგინა, რომელიც ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრების მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის პრეზენტაცია “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ 100-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ახალი სასწავლო მოდული გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნები კომპანიებს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის – გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას ავალდებულებს.
საქართველოში მსგავსი კადრი და ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა. გარემოსდაცვითი მმართველის ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება იქნება. სასწავლო პროგრამის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხუთი წარჩინებული სტუდენტი უფასოდ გადამზადდება,რითაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება სერთიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველები გახდნენ და თებერვლიდან სხვადასხვა კომპანიებში დასაქმდებიან. მსურველთა რეგისტრაცია 29 სექტემბრიდან დაიწყება.