გია ვოლსკი დავით საგანელიძეს პასუხობს: ვინ რას იმსახურებს, გადავწყვეტთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით

თუ ვინ რას იმსახურებს, გადავწყვეტთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით, – ასე პასუხობს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, გია ვოლსკი საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერს, დავით საგანელიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტში ბევრია ისეთი, რომლის ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
“დავით საგანელიძე ძალიან კარგი მეურნე, ძალიან კარგი ორგანიზატორია. ვფიქრობ, იმ ადგილზე, სადაც წავიდა, მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთებს, თუმცა შეფასებები, თუ რას იმსახურებენ დეპუტატები, გადავწყვეტთ ჩვენ, ვინც პარლამენტში დავრჩით”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსნებთ, დავით საგანელიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტში ბევრია ისეთი, ვისი ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
“მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობარ ზურა ზვიადაურს ვესაუბრე, მითხრა, ჩემი ადგილი პარლამენტში არ არის, წესით, ძიუდოში ახალ თაობას უნდა ვზრდიდეო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას საკუთარი სპორტსკოლა ჰქონდეს. თუ “საპარტნიორო ფონდიდან” შევძლებ დაფინანსებას, კარგი, თუ არა და, ვინმეს ვთხოვ და ზვიადაურს სპორტსკოლას მაინც გავუკეთებ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში. ზუსტად ვიცი, რომ მომავალ საარჩევნო სიაში დავით საგანელიძე არ იქნება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები