მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიაში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ის იმ გუნდთან ერთად მუშაობას არ აპირებს, ვინც, თბილისელებზე არ ზრუნავს.
„პირადი განცხადების საფუძველზე თბილისის მერიაში ვტოვებ თანამდებობას. 2014 წლის 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანებით უკანონოდ გამათავისუფლეს მერიიდან. 3 სასამართლო პროცესის მოგების შემდგომ მე დღეს ვიკავებ განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. ჩემი ერთწლიანი ბრძოლა იყო სიმართლისთვის და ამ სიმართლის აღსრულებისთვის.
ჯერ კიდევ 2015 წლის 27 იანვარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ უნდა აღვედგინე მერიაში, მაგრამ 7 თვე დამჭირდა, რომ დამტკიცებული სიმართლის აღსრულება მომხდრიყო. ეს ბრძოლა არ იყო ჩემი თანამდებობისთვის და პირადი მიზნებისთვის. ეს ბრძოლა იყო საჯარო მოხელეებისთვის. ყველამ გაიგოს, რომ აღარავინ, აღარასდროს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი თანამშრომელი სამსახურდან. ეს იყო ბრძოლა იმის საჩვენებლად, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და როცა მართალი ხარ, არცერთი ნაბიჯი უკან! არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში, სადაც თბილისელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს. ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენა დედაქალაქის მერზე და მის გუნდზე საჯაროა“,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. ხაბეიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ლევან ხაბეიშვილს არ ჰქონდა უფლება, რომ პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს. მისივე თქმით, კაბინეტში მერის გარდა ბრიფინგს არავინ ატარებს.
“ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს. კაბინეტში მერის გარდა არავინ ბრიფინგს არ ატარებს“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მერიაში განმარტავენ, რომ ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ დაუწერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები