თურქეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს

თურქი ჟურნალისტი გულთექინ ავჯი გადატრიალების მოწყობის, ჯაშუშობის, ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და მისი მართვის ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტი ქალაქ იზმირში აიყვანეს. გაზეთ „ბუგუნის“ ჟურნალისტი გულთექინ ავჯი, საკუთარ სტატიებში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებასა და მის ქმედებებს აკრიტიკებდა.
გასულ კვირას, ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტების ჰასან ჯემალის და აჰმეთ ალთანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ, ახლა უკვე სხვა ოპოზიციონერი ჟურნალისტი, გულთექინ ავჯი დააპატიმრეს. ქალაქ იზმირში პოლიციის მიერ დაკავებული ავჯი სტამბოლში გადმოიყვანეს, სადაც ჩვენების ჩამორთმევის გარეშე ბრალდების მხარემ პირდაპირ სასამართლოს გადასცა.
სტამბოლის მე-2 სისხლის სამართლის სასამართლომ, ავჯის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან მის შესახებ „გადატრიალების მოწყობა“, „ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება და მისი მართვა“ და „ჯაშუშობა“- გამოატანა და ამ ბრალდებებით დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა, რის შედეგაც იგი ციხეში ჩასვეს.
ავჯის განცხადების მიხედვით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ და სამხედრო ჯაშუშობისათვის წაყენებულ ბრალდებაში არცერთი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიძებნა.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ჟურნალისტებს მსგავსი თემატიკით გამოქვეყნებული ან დაწერილი სტატიების გამო ბრალდება არ უნდა წაუყენონ.
გულთექინ ავჯის ადვოკატის ფიქრეთ დურანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უკანონო ქმედებები განხორციელდა. „ავჯის მიმართ განხორციელებული ეს ქმედება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა მდგომარეობაშია თურქეთის სასამართლო სისტემა, უკვე ქვეყანაში კანონმა ძალა დაკარგა“,- აღნიშნა ადვოკატმა.
გულთექინ ავჯის დაკავების შემდეგ, თურქეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ჰიქმეთ სამი თურქმა განაცხადა, რომ დღესდღეობით თურქეთში თითქმის ყველა პოტენციურად ბრალდების წაყენების საფრთხის ქვეშ დგას.
„ერთ მშვენიერ დილას, როცა ადამიანი გაიღვიძებს, შეიძლება მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ დემოკრატიულ და კანონმორჩილ სახელმწიფოებში ადამიანის დაკავება და დაპატიმრება, მისი სამართალდარღვევებისათვის ბრალის წაყენება, მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეიძლება ადამიანის დამნაშავედ და კრიმინალად წარმოჩინება, როგორც ეს გულთექინ ავჯის შემთხვევაში მოხდა“,-აღნიშნა მინისტრმა.
ჟურნალისტ ავჯის დაკავებას თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის ვედათ აჰსენ ჯოშარის რეაგირება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღესდღეობით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებში მსგავსი მოვლენები არ ხდება.
„გულთექინ ავჯის დაკავებისა და მის იზოლატორში ყოფნის პერიოდში რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. იგი სამსახურში წასვლის დროს დააკავეს და შემდეგ იზოლატორში გადაიყვანეს. მას დიდი ხანი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება არ მისცეს, კერძოდ, დიდი ხნით საპირფარეშოს გამოყენების საშუალება არ მისცეს და საკვები არ მოუტანეს“,-განაცხადა მან. მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირთა დაკავება ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ის ჟურნალისტი, ბიზნესმენი თუ მწერალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები