„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მევენახეების პრობლემები პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენა და გააცუცურაკა ისინი“
ყურძნის მოსავალს 90 -მდე სხვადასხვა კომპანია იბარებს. როგორც მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა დავით თამარაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, რთველი აქტიურ ფაზაში შედის, რაც აგროკლიმატური პირობებითაა განპირობებული.
მათ შორისაა სახელმწიფო კომპანიაც, რომელიც 15 დაქირავებული ღვინის ქარხნის მეშვეობით მონაწილეობს რთველში. თამარაშვილმა იმ ფასების შესახებაც ისაუბრა, რა ფასებშიც მევენახეებს ყურძნის ჩაბარება შეუძლიათ.
„ყურძნის ჩაბარების პროცესი დაწყებულია, ოფიციალურად დარეგისტრირებულია 90 კომპანიამდე, რომელიც მზადაა, ყურძენი ჩაიბაროს და გადაამუშაოს. დღეისათვის ყურძენს 30 – მდე ღვინის კომპანია ღებულობს, ამ 30 კომპანიიდან არის ერთი სახელმწიფო კომპანია, რომელიც 15 ღვინის ქარხნის მეშვეობით მონაწილეობს, დანარჩენი კი კერძო სექტორია.
რაც შეეხება ფასებს, სახელმწიფო ღვინის კომპანია 1 კგ თეთრ ყურძენს 60 თეთრად, საფერავის ყურძენს კი 85 თეთრად იბარებს. კერძო ღვინის ქარხნები ყურძენს 60-70 თეთრის ფარგლებში, ხოლო საფერავს 85-95 თეთრის ფარგლებში იბარებენ. ქინძმარაული 90-95 თეთრი ღირს, ეს განპირობებულია იმით, რომ მევენეხეობის ეს ზონა, ქინძმარაულის ფართობი დაისეტყვა, ამ მხარემ დიდი ზარალი მიიღო და ეს ყურძენი ცოტაა. რაც შეეხება ახაშენის ზონას, მუკუზანს, იქაც ფასი 85-90 თეთრის ფარგლებში მერყეობს. საკონიაკე სპირტისთვის განკუთვნილი ყურძენი კი 40-50 თეთრის ფარგლებში ბარდება. ამ თანხებში შეფის სახელმწიფოს სუბსიდირებაც. თეთრი ყურძნის შემთხვევაში სახელმწიფოს სუბსიდია 35 თეთრია, საფერავის შემთხვევაში კი 15 თეთრი. ყურძენი ჩაუბარებელი ნამდილად არ დარჩება. მევენახეები დანახარჯებს ამოიღებენ კიდეც და მოგებაც ექნებათ მევენახეებს. მოგება არანაკლებ 20% იქნება“, – განაცხადა დავით თამარაშვილმა.
რაც შეეხება მევენახეების აქციებს, თამარაშვილის განცხადებით, მევენახეებს აქვთ პრობლემა, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს პრობლემა ქუჩაში გამოსვლებით არ გვარდება. თამარაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მევენახეების პრობლემები პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენა, თუმცა ამით პრობლემა მევენახეებს მაინც არ მოუგვარდათ.
„მევენახეს აქვს პრობლემა, ეს პრობლემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენა. მათ კახელი მევენახეები გააცუცურაკეს. იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც მევენახეებს აქვთ, საპროტესტო აქციებზე არ ხდება, ამას გონივრული და კონსტრუქციული თანამშრომლობა სჭირდება მევენახეებთანაც, ღვინის კომპანიებთანაც, სახელმწიფოსთანაც და არასახელმწიფო სექტორთანაც. ეს პროცესი შეეძლოთ მათ წარემართათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ჩატარდა გამოკვლევა და საპროტესტო აქციებზე მყოფი აქტიური ადამიანები მევენახეები არ აღმოჩნდნენ, არცერთ ამ პიროვნებას ვენახი არ აქვს. ესენი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. ხოლო მევენახეები რომლებიც ამ პროცესს გაჰყვნენ, ისინი ამ ყველაფერს ჩამოშორდნენ“, – აღნიშნა დავით თამარაშვილმა.