ევროპის საუკეთესო ნაკრების წოდება ესპანეთმა დაიბრუნა, ლიტვა კი კვლავ ვერცხლს დაკმაყოფილდა
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია. საფრანგეთში გამართული ევრობასკეტის ფინალურ მატჩში ესპანელებმა ლიტვის ნაკრები 17 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80-63 გაანადგურეს.
ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ესპანელებმა ინიციატივა პირველივე წუთიდან იგდეს ხელთ და მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ.
მატჩის და მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად პაუ გასოლი დასახელდა, რომელმაც ფინალში საკუთარ გუნდს 25 ქულა შესძინა და ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშის ტიტულიც მიიღო. ამრიგად ბოლო ცხრა ევრო პირველობის ფინალში ესპანეთი მეექვსედ მოხვდა და ჩემპიონის გვირგვინი მესამედ დაიდგა. ლიტვა კი კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, თუმცა კვლავ ვერცხლის მედლებს დასჯერდა.