ილია მეორემ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა. როგორც ჯვრის კურთხევამდე ქადაგებისას ილია მეორემ ბრძანა, საქართველოს ღვთისმშობელი არ ტოვებს.
“მოწმენი ვართ, რომ ღვთისმშობელი, რომელიც სრულიად საქართველოს პატრონია, არ ტოვებს თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას და ამისთვის ჩვენ დიდებას და მადლობას ვუძღვნით”, – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე…” წარმოთქვა.
პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა, რის შემდეგაც ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ჯვარზე მთხვევის კურთხევა მისცა. გარდა ამისა მრევლს ღვთისმშობლის ხატები საჩუქრად გადასცეს. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა “მოწყალებისა კარი განგვიღე…” წაიკითხონ.
შეგახსენებთ, რომ ნაკურთხი ჯვარი ტაძრის გუმბათზე ხვალ, 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, უწმინდესის კურთხევით, ერთობლივი ლოცვის შემდეგ აღიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები