“სასამართლოს წინ მიტინგი და მოსამართლის შეურაცხყოფები, ზეწოლა არ არის სასამართლოზე?!“

სასამართლოს შენობის წინ მიტინგი და მოსამართლის შეურაცხყოფები, ეს ზეწოლა არ არის სასამართლოზე?! -ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დედაქალაქის ყოფილი მერის საქმეზე მიმდინარე პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებს.
“სასამართლოს შენობის წინ მიტინგი და მოსამართლის შეურაცხყოფები, ეს ზეწოლა არ არის სასამართლოზე?! პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზიდან, უკვე მსჯავრდებულისგან ინტერვიუები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამნისტია და 9 წლის ნაცვლად, ოთხი, არა შეკრებითი სასჯელი, ბრალდების გარკვეულ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი, წინა ხელისუფლების დროს მათ მიერვე მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა და მოპოვებული თავიუფლებით სარგებლობა 24 საათით, მაგრამ მაინც! დიახ, დღევანდელი კანონი და სამართალი ჰუმანურია და ეს ხელისუფლების დამსახურებაა. დიახ, ჩვენ არ მოგექცევით ისე, როგორც თქვენ ექცეოდით ხალხს და როგორც შეიძლება იმსახურებთ კიდეც, დიახ გარანტირებული გაქვთ, რომ ციხეში არავინ გაწამებთ და ალბათ შეწყალებითაც ისარგებლებთ შემდეგ, დიახ ამნისტიის კანონი ჩვენ მივიღეთ და ათასობით პატიმარს ვუშველეთ, მაგრამ ამით თქვენც ისარგებლეთ! სასამართლოს კარი გავაღეთ და პირდაპირი ეთერების უფლებაც მოგეცით, მიტინგის უფლებაც, რასაც თქვენ ხალხს არ პატიობდით და აპატიმრებდით! შევცვალეთ, ბევრი რამ შევცვალეთ თქვენგან განსხვავებით და მართლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარასოდეს დააბრუნოთ ის ჯოჯოხეთი!“-წერს მანანა კობახიძე.
თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ის გუშინ, 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, გიგი უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები