„რიგ შემთხვევებში გვიწევდა პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა“

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ  ღირსეულად გამოვიარეთ ე.წ. თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ  გადაცემა „რვიანში“ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ხშირად ხელისუფლებას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა უწევდათ.
„ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრი რამე შევცვალეთ. გვქონდა ძალიან რთული მომენტები ე.წ. თავს მოხვეული კოჰაბიტაცია, მაგრამ მე ვფიქრობ, აქაც ღირსეულად გამოვედით, თუმცა რიგ შემთხვევებში გვიწევდა პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს ყველაფერი განპირობებული იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საერთაშორისო არენაზე კარგად წარმოჩენისთვის. თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, თუ რამდენად რთული იყო ეს განვლილი გზა, მაგრამ ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაინც ღირსეულად გაიარა. საზოგადოება ამას ძალიან მალე მიხვდება და სწორ შეფასებას გააკეთებს”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, რომ პროკურატურა ბრალს ვერავის უმტკიცებს, რასაც “ქართული ოცნების” ამომრჩევლის უკმაყოფილება მოსდევს, კალაძე აცხადებს, რომ ეს ასე არაა.
„ამაზე ვერ დაგეთანხმებით, ადამიანები ვინც მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ დღეს სასჯელს იხდიან, კონკრეტული მიმართულებით ჩადენილ დანაშაულზე. მე მესმის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ელოდა, რომ როდესაც ჩვენ 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყებდით იგივე ქმედებებს, რაც 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მოხდა, დავიწყებდით დაჭერებს, გავყრიდით ყველას სამსახურებიდან, მაგრამ ჩვენ რომ იგივე გზით წავსულიყავით, არ იქნებოდა სწორი“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ის მმართველობა, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა არის ადვილი, ხოლო რთული დღევანდელი ხელისუფლების მიერ არჩეული მმართველობაა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ერთი ადამიანი მართავდა ყველაფერს, ახლა კი ძალები გადანაწილებულია პრემიერ-მინისტრზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე პრეზიდენტზე და სასამართლოს თავისი ადგილი უკავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები