„თუ ადამიანს აქვს სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს“
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განაცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილმა ისე აღიქვა, თითქოს ის გამოძებისგან გათავისუფლდა, რაც არასწორია.
როგორც გადაცემა “პირველი TV”-ის ეთერის გადაცემა „რვიანში“ კალაძემ განაცხადა, ის რომ გიგი უგულავა თავისუფალია, არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ჯგუფებში არასწორად იქნა აღქმული, ბევრმა ადამიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღიქვა როგორც თითქოს უგულავა გათავისუფლებულ იქნა გამოძიებისგან. თქვენ იცით, რომ სავარაუდოდ, მას აქვს ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. თემა ეხებოდა სულ სხვა რამეს, ეს იყო 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის გაუქმება. სხვათა შორი ეს ნორმა 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იქნა შემოღებული, თუმცა ეს ხარვეზი საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, რომ ამ გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ეწეინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი შეხედულებები. ამის გამო დღეს საქართველოში არავის იჭერენ, არ აშანტაჟებენ რაც ჩვენი მიღწევაა, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს გამოთქმული კანონის ფარგლებში და არ უნდა იყოს გადამეტებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით ოპონენტების ბრალდება, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა ხელისუფლების მიერაა მართული სიმართლეს არ შეესაბამება.
“ჩვენ ოპონენტებს აქვთ სურვილი, წარმოადგინონ, რომ გარკვეული ადამიანები ჩვენი გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც დიდი სიცრუეა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში შეჩვეულნი იყვნენ ასეთ მიდგომებს, რადგან გვახსოვს რა ხდებოდა, ერთ დღეს იჭერდნენ, ასამართლებდნენ და ციხეში ტოვებდნენ, ეს დრო წარსულს ჩავაბარეთ და აღარასდროს დაბრუდება. ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვისაა მნიშნელოვანი. თუ ადამიანს აქვს სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული, მითუმეტეს მაღალი თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა მან პასუხი უნდა აგოს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ბოღმით არის სავსე, არავის დაჭერა არ გამიხარდება, თუ ეს ადამიანი სუფთაა და არაფერი ჩაუდენია, სასამართლო გადაწყვეტს და დაანახებს ამას ხალხს. საზოგადოებისთვის უნდა იქნას სწორად ახსნილი, თუ რატომ მოხდა ბატონი უგულავას გარეთ გამოსვლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უგულავა უდანაშაულოა“, – განაცხადა კალაძემ.