გიორგი პაპუაშვილი: ყველა ჩემი ქონება არის კანონიერად შეძენილი
კანონიერად ვცხოვრობ, ყველა ჩემი ქონება არის კანონიერად შეძენილი – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახლთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, უნდა მიმართოს სახელმწიფოს.
“სახლთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, უნდა მიმართოს სახელმწიფოს, ნებისმიერი მთავრობის პირობებში. ჩემთან პრეტენზია ვერავის ექნება. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ კანონიერად ვცხოვრობ, ყველა ჩემი ქონება არის კანონიერად შეძენილი და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან, შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს”, – განაცხადა პაპუაშილმა.
“ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, გიორგი პაპუაშვილი 2007 წლიდან, აჭარაში, ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის სახლში ცხოვრობს და საქმეზე დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა და ქონების სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადაცემის ფაქტს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი სწავლობს.