პარლამენტმა პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
77 ხმით, ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პროკურატურის სისტემის რეფორმირებასა და მთავარი პროკურორის ახალი წესით მოხსნა-დანიშვნას ითვალისწინებს. “პროკურატურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რეფორმა მალე განხორციელდება და აღნიშნა, რომ პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.
კანონპროექტების შესაბამისად, საპროკურორო საბჭო იქმნება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასევე იქნება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
შემოდის საგანგებო პროკურორის ცნება, ფუნქციები და ამოცანები. ახლებურად განისაზღვრა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი. განისაზღვრა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და როლი.