ირაკლი ღარიბაშვილი CCTV-ის ეთერში – დღეს საქართველო თანამედროვე ქვეყანაა, რომელიც სწრაფად ვითარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტისას, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ის ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, „აბრეშუმის გზის“ ფორუმსა და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ისაუბრა.
ტელეკომპანიასთან საუბრისას პრემიერმა ჩინეთის ვიზიტის მნიშვნელოვან შედეგად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ წამოწყებული მოლაპარაკება შეაფასა. პრემიერის შეფასებით, ეს ჩინეთში ქართულ ექსპორტს გაზრდის.
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ჩინეთში. მართლაც, იმედის თვალით შევყურებდი ამ ვიზიტს, რომელმაც, ჩემი აზრით, შესანიშნავი შესაძლებლობები მოგვიტანა.
საქართველო არის პატარა ქვეყანა, პატარა ბაზრით, მაგრამ ეს არის ჩემი ქვეყნისა და ხალხისადმი ჩინეთის მთავრობის, თქვენი მტკიცე მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება.
ჩვენ შეიძლება, ხელი მოვაწეროთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება და რაც უდიდესი მხარდაჭერის ტოლფასია ჩვენთვის, რადგანაც ის მოიტანს ქართული ექსპორტის ზრდას ჩინეთში, ასევე გაიზრდება ჩინური ექსპორტიც საქართველოში.
შედეგად, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. ასე რომ, სწორედ ეს არის ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ისტორიულად, ჩინელებსა და ქართველებს, „აბრეშუმის გზის“ სახით ახლო ურთიერთობების ტრადიცია აკავშირებთ.
„სულ ახლახან ჩინეთმა და საქართველომ სარგებელი ნახეს „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის წამოწყებიდან.
ვთვლი, რომ ბევრ ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით, მიეცემა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. საქართველოს ისტორიული მისია ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დაკავშირება, უმოკლესი მარშრუტის უზრუნველყოფა.
ასე რომ, ჩვენი ამბიციაა, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია ლოგისტიკურ ცენტრად, ვაჭრობის, კომერციის, ტურიზმის ცენტრად. როგორც კი გავიგეთ ჩინეთის პრეზიდენტის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის შესახებ, დავიწყეთ ფიქრი ამ პროექტში საქართველოს როლისა და მნიშვნელობის შესახებ. ესეც ჩვენი ოცნებაა.
ესეც ქართული ოცნებაა. ეს არის ის გზა, რომელსაც, ჩვენ მივყვებოდით საუკუნეების განმავლობაში. მე გადავწყვიტე თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის დაარსება. პირველი ფორუმი გაიმართება 15-16 ოქტომბერს.
ველოდებით 200 წარმომადგენელს ჩინეთიდან. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის შექმნას. ჩვენ ვართ 45-ე ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას და პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა მისი რატიფიცირება პარლამენტში.
ეს მოხდა ორი კვირის წინ. ამ ბანკის 57 წარმომადგენელი ეწვია თბილისს, სადაც ოფიციალურად აირჩიეს ბანკის პრეზიდენტი. გუშინ მქონდა ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტსა და აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელებთან. ჩემმა მთავრობამ, ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად უკვე მოაწერა ხელი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს.
ასე რომ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ ამ პროექტში და მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ახალ კონცეფციას. საქართველო პატარა, მაგრამ ულამაზესი ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები.
ჩვენ გვაქვს უმშვენიერესი ბუნება, 12 000 მონუმენტი, ღირშესანიშნაობა, რომელთა ნახვა ტურისტებისთვის საინტერესო იქნება. ჩვენ გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო და ჩინებული ღვინო.
საქართველო ხომ მეღვინეობის აკვანია. ჩვენ გვაქვს მეღვინეობის ხანგრძლივი ისტორია, რომლის ფესვებიც 8 000 წლის წინ უნდა ვეძებოთ. ჩვენ გვაქვს თვალწარმტაცი მთები და 22 კლიმატური ზონა, პლაჟები და სათხილამურო კურორტები.
ასე რომ, თავად უნდა ჩამობრძანდეთ და იხილოთ ჩვენი ქვეყანა.
დღეს საქართველო არის თანამედროვე ქვეყანა, რომელიც სწრაფად ვითარდება. ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყნის განვითარებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს სხვადასხვა სექტორში. ჩვენი ხალხი ძალიან განათლებულია. ასე რომ, ჩემი სურვილია, მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს ჩემს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს.