თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა აშენებს ქვეყანას, რომელიც ემყარება ინსტიტუტებს და არა ერთეულ ლიდერებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ლიტვის სეიმს ეწვია, სადაც სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ლიტვის იუსტიციის მინისტრი, სეიმის კომიტეტების თავმჯდომარეები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ლიტვის სეიმის სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელთანაც ლიტვას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობრული ურთიერთობა.
„ჩვენ, ალბათ, ყველაზე კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას“, − აღნიშნა გრაუჟინიენემ.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო ისეთივე პატარა ქვეყანაა, როგორც ლიტვა, რომლებსაც წარსულში ბევრი აქვთ საერთო.
„საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაციის მიზანია, შევწყვიტოთ ევროპაზე ფიქრი, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპირებს ასე მოქცევას. ეს ჩვენთვის შეუძლებელია, რადგან საუკუნეების წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი“, − აღნიშნავს თეა წულუკიანი.
მინისტრის განცხადებით, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აშენებს ქვეყანას, რომელიც ემყარება ინსტიტუტებს და არა ერთეულ ლიდერებს.
თეა წულუკიანმა ლიტვის სეიმის სპიკერს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია; გააცნო რეფორმები, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის წევრობისა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლისათვის ახორციელებს. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის რეფორმას; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ სისტემას, რომელიც ადგენს არასრულწლოვნებთან მოპყრობის ახალ წესებს; სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ ცვლილებებს; პროკურატურის რეფორმას და სხვა. შეხვედრის დასასრულ, ლიტვის სეიმის სპიკერმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, დეკემბრის ბოლოს ქართველი ხალხი დაინახავს, როგორ აფასებს ევროკავშირი საქართველოს ძალისხმევას.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი გახსნის კარებს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, − აღნიშნა გრაუჟინიენემ. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში გრძელდება. თეა წულუკიანი უკვე შეხვდა ლიტველ კოლეგას, ლიტვის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები