იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.
იოსებ ნანობაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ბერძენ და ქართველ ხალხს შორის ისტორიული ძმური კავშირების შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას.
იოსებ ნანობაშვილმა აგრეთვე ისაუბრა ბერძნული მხარის მიერ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესის დროულად დასრულების საკითხზე. მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, ქართულ და ბერძნულ ბიზნესს შორის კავშირების გააქტიურების აუცილებლობას.
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს საგარეო დღის წესრიგისადმი საბერძნეთის მხარდაჭერა და ისტორიულად, საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ხალხებს შორის ჩამოყალიბებულ ძმურ ურთიერთობებს. პროკოპის პავლოპულოსმა ასევე ისაუბრა ევროპის წინაშე ამჟამად მდგარ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა მიგრაციის პრობლემა და საბერძნეთის კრიზისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები