ბაღათურიამ რუსეთის სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს ორი მეზობელი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეობა შესთავაზა

პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ რუსეთის სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს, ორი მეზობელი ქვეყნის – საქართველოსა და რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობა შესთავაზა. როგორც რუსეთიდან დაბრუნებულმა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მან მოსკოვში შეხვედრები ჩრდილოელი მეზობლის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებზე საქართველო – რუსეთის შესაძლო თანამშრომლობა რამდენიმე, მათ შორის სამხედრო და ანტიტერორისტული ბრძოლის კუთხით იყო განხილული.
„ჩვენ რუსეთს სტარტეგიული მოკავშირეობა შევთავაზეთ. 2 დღის განმავლობაში მე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხმა არ ამომიღია. ამ თემით რომ დაგეწყო საუბარი, იქვე დამთავრდებოდა. არ დავიწყოთ მაგით, მაგრამ დავამთავროთ მაგ თემით. შევხვდი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, ასევე სახელმწიფო დუმის წევრებს. მივიღეთ სერიოზული გადაწყვეტილებები და დაიგეგმა შემდგომი შეხვედრებიც.
შეხვედრები მქონდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ამ იდეის და საქართველოს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. სახელმწიფო დუმაში შევხვდი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელობას და კომიტეტის წევრებს. სახელმწიფო დუმაში მიღებულია გადაწყვეტილება, მოეწყობა კონფერენცია, სადაც ამ საკითხების საჯარო მოსმენა შედგება. უნდა შეიქმნას რუსეთ – საქართველოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტს მოამზადებს. ამაში ხელისუფლება მონაწილეობას თუ მიიღებს, ეს პროცესს გაამარტივებს, მაგრამ თუ ხელისუფლება მონაწილეობას არ მიიღებს, ის უბრალოდ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება. განვიხილეთ რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების, მათ შორის სამხედრო ბაზების, ანტისარაკეტო სისტემის საკითხები. რუსებს მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთზე დამიზნებული სარაკეტო სისტემები და ბაზებია. აქ ჩვენ გვაქვს გამოსავალი, რომელიც ორმხრივ ხელშეკრულებაში აისახება და ვერ შეიცვლება, რადგან ორმხრივი ხელშეკრულების შეცვლა შეუძლებელია. ორმხრივი ხელშეკრულება არის ერთგვარი გარანტია, რომელიც ჩვენ რუსეთს უნდა მივცეთ“,- აღნიშნა ბაღათურიამ.
ბაღათურიას თქმით, საქართველომ რუსეთს უნდა მისცეს გარანტია, რომ 25, 50 ან რამდენ წელზეც მოხდება შეთანხმება, იმ დროის მანძილზე „არცერთი ჯარისკაცის ჩექმა საქართველოს ტერიტორიაზე არ დადგება“. ამის საპირწონედ კი, მისივე განმარტებით, რუსეთმა ჩვენ უნდა მოგვცეს გარანტია, რომ თუ რომელიმე ჯარისკაცის ჩექმა, თურქის ან სხვისი, საქართველოს საზღვარს გადმოლახავს, ისინი, საქართველოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სამხედრო ძალით დაეხმარებიან, რომ ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები შენარჩუნდეს.
რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას, ბაღათურია მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს უზარმაზარი ტერორისტული სამყაროს წინაშე სავსებით მარტოა და ანტიტერორისტულ ღონისძიებებში რუსეთთან თანამშრომლობას საჭიროებს.
„საქართველოს ჰყავს საუკეთესო სპეცსამახურები როგორც ანალიტიკური, ისე სხვა შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ მათ არა აქვთ პოლიტიკური ქუდი და სხვა დახმარებები. იმ ხაზის გადაკეტვით და წესრიგის აღდგენით, რაც ჩრდილო კავკასიიდან საქართველოს გავლით თურქეთიდან სირიაზე გადის, შეერთებული შტატები და თურქეთი დაინტერესებულნი არ არიან. პირიქით, სწორედ მათი ხელშეწყობით ხდება ეს ტრანზიტი. ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ პოლიტიკურმა წრეებმა, ორივე მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს საშუალება, პირდაპირი გზით ითანამშრომლოს და წარმოადგინოს თავისი წარმომადგენელი პროექტის მომზადების დროს. მაღალი ალბათობით ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება კულუარულად მაინც ითანამშროლებს ამ პროცესში“,- აღნიშნა ბაღათურიამ.
საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელმა რუსი ხალხის სენტიმენტებსა და იმ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, მათ საქართველოს მიმართ გააჩნიათ.
„საქმიანი, თბილი და კონსტრუქციული შეხვედრები მქონდა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მე კონკრეტული გეგმით და შეთავაზებით წავედი. შევთავაზე მიზნისკენ სვლის კონკრეტული გზა. მე რუსეთს მოკავშირეობა შევთავაზე. აღვნიშნე, რომ საქართველოს განვითარების სხვა გზა და პერსპექტივა, რუსეთთან მოკავშირეობის გარდა, არა აქვს. რუსეთი ქართველი ერის ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირეა. თუ რუსეთი  არ იქნება საქართველოს მოკავშირე, მათ კავკასიაში პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდებათ. ჩვენ არა მარტო მეზობლებთან – ყველა სახელმწიფოსთან უნდა გვქონდეს მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ მოკავშირე არის რუსეთი“,- აღნიშნა ბაღათურიამ.
რაც შეეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას, ბაღათურიას თქმით, მათი გადახედვა შესაძლებელი გახდება. „მე ვხედავ ჩვენი რუსი კოლეგების მზაობას, რომ დიდი შეთანხმება შედგეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები