ეკა ბესელია: საავადმყოფოში მივარდნები და ზეწოლის წარმოუდგენელი მეთოდები – ეს წარსულში უნდა დარჩეს

საავადმყოფოში მივარდნები და ზეწოლის წარმოუდგენელი მეთოდები – ეს წარსულში უნდა დარჩეს, – აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და რამდენიმე მოსამართლის მიერ კლინიკა “მედინაში”, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მონახულების ფაქტს გამოეხმაურა.

“საავადმყოფოში მივარდნები და ზეწოლის წარმოუდგენელი მეთოდები – ეს წარსულში უნდა დარჩეს. მე ვიცი, რომ იგივე მცდელობები ბევრი ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როცა სასამართლო ხალხს დაუბრუნდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველოში ზონდერმოსამართლეები, მართლაც, იყვნენ, რომელიც “ტროიკის” და ბოლშევიკური მეთოდებით ასამართლებდნენ, მათ შორის მოსამართლეებს და ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

“სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ინსტიტუციური სიძლიერე, ჩვენი მოსახლეობისათვის სამართლიანობის დაბრუნება – ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და ღირებულებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც მოქალაქეებს დავუბრუნეთ. ეს არის პროცესი, რომელსაც ბოლომდე უნდა მივყვეთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი განცხადება იყო იმ სასამართლო პროცესზე, სადაც პარლამენტი არის მოპასუხე. პროცესზე იმ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არის დავა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს არის მიღებული. დანარჩენს საკონსტიტუციო სასამართლო გაარკვევს. ამ პროცესში არც ერთი პოლიტიკური ფიგურა, არც ერთი ჩვენგანი არ უნდა ჩაერიოს. პირადად ველოდები, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი იქნება. როგორც ჩანს, გოკა გაბაშვილმა იცის, რა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს მისი განცხადებებიდან აშკარად ჩანდა. მე არ ვიცი. ვიცი ის და მაქვს მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაიცავს სასამართლოს ღირსებას, დაიცავს მისი მოსამართლის ღირსებას, რომელსაც ასე უდიერად, ასე უწესოდ, ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ გუშინ და დღეს. საქართველოს პარლამენტმა გამოუცხადა ნდობა მოსამართლეს, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავას 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი წევრი მერაბ ტურავა სასამართლოში არ მივიდა. მიზეზად მისი ავადმყოფობა დასახელდა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო, არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს. ამ მიზნით, 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით უზრუნველყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები დღეს, “მედინაში” მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავასთან ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები