სოსო ჯაჭვლიანი: თუ ამ ცვლილებებს გიორგი ბარამიძე მხარს დაუჭერს, მე მისი მეგობარი გავხდები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი თანახმაა გიორგი ბარამიძეს კვლავ დაუმეგობრდეს, თუ ეს უკანასკნელი ანდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ჯაჭვლიანი პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, კანონიდან ამოღებული იქნება ტერმინები: “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”.
“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალის და კაცის თანაცხოვრება. მეორე მხრივ, მინდა დავაფიქსირო სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას – ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა, აგიტაცია. ამ კანონის საფუძველზე ჩვენ მიერ მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა, დასჯადი გახდა. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, შემოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები და მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები – “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”, რათა მომავლში ვეღარ დაშენდეს მასზე, იქნება ეს ერთსქესენთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ასე შემდეგ. იმედს გამოვთქვამ, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ ინიციატივას. თუნდაც დღეს ეს კანონი არ გავიდეს, მომავალში მაინც შევქმნით პრეცედენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ. დედამიწაზე შეუცდენელი ადამიანი არ არსებობს, შეუცდენელია მარტო უფალი. კარგია, როცა შეგიძლია გამოთქვა სინანული. ძალიან ბევრი ადამიანია ამ პარლამენტში, ვინც ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი და გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება.
გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა, მისმა მეგობრებმა გადასცენ: – თუ ამ ცვლილებებს გიორგი ბარამიძე მხარს დაუჭერს, მე მისი მეგობარი გავხდები, ხოლო თუ მხარის დაჭერა მისი სურვილი არ იქნება, ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 11 დეკემბერს პარლამენტში გიორგი ბარამიძისა და სოსო ჯაჭვლიანის მიერ ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ბარამიძე, ნუ ბლატაობ, შე, ჩმორო“, – ამ სიტყვებით მიმართა სოსო ჯაჭვლიანმა კოლეგას „ნაციონალურ მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები