დავით უსუფაშვილი: საქართველოსა და ლატვიას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ძალიან აქტიურია

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში დავით უსუფაშვილმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, ინესე ლიბინა-ეგნერესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და ლატვიას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ძალიან აქტიურია და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო დახვეწის პოტენციალიც არსებობს.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის პარლამენტებს, საკომიტეტო დონეზე – განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა თემებზე შეუძლიათ თანამშრომლობა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველო ლატვიისგან ბევრს სწავლობს და ამიტომ, აუცილებელია, გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გაგრძელდეს.

ინესე ლიბინა-ეგნერეს შეფასებით, თბილისში გამართული ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენცია საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და ლატვიისთვის, ასევე, მისი მონაწილე სხვა ქვეყნებისთვისაც.

მისივე განცხადებით, ქართველ და ლატვიელ ხალხს სანიმუშო მეგობრობა აკავშირებთ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლატვიის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანია. ინესე ლიბინა-ეგნერეს თქმით, ლატვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და ასევე აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე.

როგორც ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს წარმატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ლატვიისთვისაც მნიშვნელოვანია. ინესე ლიბინა-ეგნერემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიგრანტების კრიზისის შესახებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები