„ოპოზიციური ძალების ბოიკოტი წინასწარ კაპიტულაციას ჰგავს, მათ არ უნდათ წაგებულ ომში შესვლა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი გაიმარჯვებს შუალედური არჩევნების 2 ოლქში, ამას პოლიტიკური თანაფარდობის შეცვლის თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უმრავლესობა – უმცირესობის თანაფარდობა არ შეიცვლება, თუმცა, როგორც ვიცე-სპიკერმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ არჩევნებს ტესტის დატვირთვა აქვს.
არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება კი, მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ჰგავს. ძიძიგურის თქმით, ოპოზიცია წაგებულ ომში არ შევიდა.
„შუალედურ არჩევნებს ყოველთვის აქვს ერთი დატვირთვა, ესაა ტესტი, თუ რას წარმოადგენს ოპოზიცია და როგორია ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. როდესაც ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილი ამ ტესტში მონაწილეობაზე ამბობს უარს, ეს მათი მხრიდან წინასწარ კაპიტულაციას ჰგავს. ჩვენ ხშირად ვისმენთ მათგან, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები არა ჰყავს, თუმცა მათი ბოიკოტი სულ სხვა რამეს ადასტურებს. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ არ უნდათ წაგებულ ომში შესვლა. ერთადერთმა „პატრიოტთა ალიანსმა“ დააყენა კანდიდატი ირმა ინაშვილის სახით, რაც იმას ნიშნავს, მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ სახელისუფლებო ძალას. ამას, ყველაფერს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს იმ ოლქებში, სადაც ის ტარდება“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.