„კოალიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც იმ ფორმით იქნება, რა ფორმითაც დღეს არის“

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია დღეს არსებული სახით წარდგება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი განცხადებით, კოალიციაში შემავალ პარტიებს არ ამოუწურავთ ის რესურსები, რაც ერთად ყოფნით შეუძლიათ, რომ გააკეთონ.
„კოალიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც იქნება იმ ფორმით, რა ფორმითაც არის დღეს. ჩვენ ჯერ არ ამოგვიწურავს ის რესურსები, რაც ერთად ყოფნით შეგვიძლია გავაკეთოთ. 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე სხვა მოსაზრება არ ყოფილა. „კონსერვატორებიც“ კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებლები ვართ და ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში კოალიციურ რეჟიმში საკმაოდ ეფექტურად ვახერხებთ საპარლამენტო უმრავლესობასთან, მთავრობასთან თანამშრომლობას. ძალიან ბევრი ჩვენი დაპირება შესრულდა, ბევრი შესრულების სტადიაშია და 2016 წელს კოალიცია ქართველ ხალხს უპატაკებს, თუ რისი გაკეთება მოახერხა საარჩევნო დაპირებებიდან და რისი ვერ მოახერხა“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება კოალიციის შიგნით გადახალისებას და მასში შესაძლო ახალი სახეების გამოჩენას, ძიძიგურის განცხადებით, ბუნებრივია, ის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები შემადგენლობის გადახალისებაზე იფიქრებენ. „ამაში მოულოდნელი და სენსაციური არაფერია, პარტიები ვვითარდებით, ვითარდება კოალიციაც და ამ განვითარების შესატყვისად იქნება პერსონიფიკაციაც“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები