ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ბევრ დადებით შედეგს მოიტანს

კომპანიები: Multiplex-ი და New Art Way, ბათუმში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ერთობლივად გეგმავენ.
გაზეთ “ახალი თაობის” ინფორმაციით, პროექტს ეკონომიკის ექსპერტები დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში არა მარტო ინვესტიციების შემოდინებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, საშუალებას მისცემს ქვეყნის ბიუჯეტს, სოლიდური სარგებელი მიიღოს და შესაძლებელს გახდის ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების კლების ტენდენციაც გამოიწვიოს. ექსპერტთა აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროსტანდარტის ნავთობპროდუქტების წარმოება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყნიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად ვიქცეთ.
ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის აზრით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განხორციელდება და ინვესტორები არა მარტო ეკოლოგიაზე, არამედ ბათუმის ვიზუალურ მხარეზეც იზრუნებენ. საწარმო ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ბიუჯეტიც სოლიდურ სარგებელს მიიღებს. ექსპერტის აზრით, ბაზარზე ჩნდება ახალი მოთამაშე და შესაძლებელია ჩვენ არა მარტო ნავთობის იმპორტიორები ვიყოთ, არამედ ნავთობის ექსპორტიც განვახორციელოთ.
„ბევრი კომპონენტია, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული სარგებლობის მოტანა შეუძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავშირდება გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ნაწილის საქართველოში გაყიდვას, ნაწილის ექსპორტზე გასვლას. გადამუშავებული ნავთობის საქართველოში დატოვების დეტალი საინტერესოა ორი მიმართულებით. პირველი – ის, რომ ბაზარზე ჩნდება ახალი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია კონკურენტული ფასი შესთავაზოს მომხმარებელს. მეორე კომპონენტი უკავშირდება ექსპორტის ნაწილს. საექსპორტო პოტენციალის ზრდა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე. მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ჩვენ მოვახერხეთ,  არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ვიქნებით, არამედ ნავთობპროდუქტების ექსპორტსაც განვახორციელებთ, ეს არის ქვეყნისთვის დამატებითი სავალუტო შემოდინებების წყარო. ეს ლარისა და დოლარის მასაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს. ტექნიკური პარამეტრები და მასშტაბი, რომელიც დასახელდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის, არის საშუალება იმისა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტი, არამედ ბაზარზე გარკვეული კონიუნქტურა შეიცვალოს”, – აცხადებს კალანდაძე.
„ამ პროექტის პირველი ბენეფეტი იქნება დასაქმება, იმიტომ რომ 200 ადამიანი ეს ნიშნავს დაახლოებით 200 ოჯახს და ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 700-800 ადამიანი. მაგრამ ამავდროულად არის მეორე საკითხიც, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების გარდა, მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროექტები ადგილებზე იხდიან ადგილობრივ გადასახადს, ამ შემთხვევაში ეს იქნება ქონების გადასახადი 1%-ის ოდენობით. ნებისმიერი ასეთი ტიპის, საშუალოზე ცოტა მსხვილი პროექტი სამაგალითოა ინვესტორებისთვის. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის პროექტების რეალიზაციაში, როგორ წამახალისებელ და მასტიმულირებელ როლს შეასრულებს თავად ხელისუფლება. რამდენად დროულად შეუწყობს ხელს ამ პროექტების რეალიზაციას, რამდენად მოუხსნის ბიუროკრატიულ ბარიერებს, ანუ ნებისმიერი ასეთ ტიპის პროექტები სამაგალითოა შემდგომი დარგებისთვის. არა მარტო ნავთობგადამამუშავებელი, არამედ ეს შეიძლება გახდეს გარკვეული სტიმული ენერგეტიკაში, ან სხვა ლოჯისტიკური მიმართულების ბიზნესპროექტის წახალისების და ა.შ.“, – აღნიშნავს ექსპერტი.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი საინტერესოა არა მარტო ქვეყანაში შემომავალი ინვესტიციების თვალსაზრისით, არამედ ის ქვეყნის ეკონომიკისა და ცალკეული მაკროეკონომიკური პარამეტრების გამოსწორებაშიც დაეხმარება ქვეყანას. მისი თქმით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელება ნიშნავს მეტი მომხმარებელის ინტერესის დაცვას.
“აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რასაც სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს – ესაა ეკოლოგია. აქ არის ის სპეციალური ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები, რომელიც სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და მაქსიმალურად დაიცვას. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის“, – აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ძველი ქარხნის ტერიტორიის შერჩევის გადაწყვეტილებაც ლოჯისტიკისა და მარკეტინგის გათვალისწინებით არის ნაკარნახევი.
„ეს მარკეტინგულად დათვლილია და, ბუნებრივია, მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე ცალკე სადმე ახალი ქარხნის აშენება. ძველი რაც იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაშთებზე, იქ გარკვეულწილად ახალი ტექნოლოგიები ჩაენაცვლება, ახალი უსაფრთხო გარემო შეიქმნება. ეს არის აჭარის ურბანული ნაწილი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, საშუალებას აძლევს ბიზნესს, რომ განვითარდეს ასეთ სექტორში“, – აცხადებს ექსპერტი.
ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დონდუა ასევე მნიშვნელოვანს უწოდებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტს და თვლის, რომ კარგი იქნება, ქვეყანაში ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს და ბევრი ასეთი ქარხანა გაიხსნას, რადგან ამ პროექტის განხორციელებით, სხვა კომპანიებიც დაინტერესებიან და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა გაიზირდება. ექსპერტი ყურადღებას ეკოლოგიური ნორმების დაცვაზეც ამახვილებს.
„ძალიან კარგი იქნება ამ პროექტის განხორციელება, განსაკუთრებით თუ ეს ქარხანა შეძლებს აწარმოოს ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. ეკონომიკური კუთხით მოხდება ინვესტიციის განხორციელება, ქვეყანაში შემოვა ინვესტიციები და ეს სხვა კომპანიებსაც დააინტერესებთ, თუ მით უმეტეს მაღალტექნოლოგიური პროცესები დაინერგება და ეკოლოგიური ნორმები იქნება დაცული. ძალიან კარგი იქნება, თუ ქვეყანაში ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდება და ბევრი ქარხანა გაიხსნება, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ძალიან საინტერესო ნაბიჯია, დამაინტერესებელია, იმსახურებს მაღალ შეფასებას და ვისურვებდი, რომ საქართველოში ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს“, – განაცხადა დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები