რატომ უფასურდება ლარი – რა მიზეზებს ასახელებს ექსპერტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარია.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის ყიდვა 2.42-2.44 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.37-დან 2.40 ლარის ფარგლებში იბარებენ.
კომერციულ ბანკებში კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.43-დან 2.48 ლარამდე მერყეობს.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი მიხეილ დუნდუა ლარის გაუფასურებაში სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრებს.

როგორც ექსპერტი “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის.
დუნდუა გასულ წლებთან ავლებს პარალელს და აცხადებს, რომ ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია. ამიტომ, მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისკენ ხელის გაშვერა უსაფუძვლოა.
ექსპერტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის გაჭიანურებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რაც უფრო მალე მოხდებოდა ამ კანონპროექტზე ხელმოწერა, მით უფრო ადრე დაიწყებოდა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის პროცესი.
მისი თქმით, გუშინ ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისათვის სესხის მიწოდება 106 მილიონი ლარით გაზარდა, რითაც კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ 696 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამან ლარის კურსის გაუფასურება გამოიწვია.

“ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგია ის, რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება. მაგალითად, გუშინ ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისათვის სესხის მიწოდება 106 მილიონი ლარით გაზარდა, რითაც კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ 696- მილიონ ლარამდე გაიზარდა. წლიურ 6%-ად დევალვირებულ ვალუტაში რეფინანსირების სესხს ნებისმიერი ბანკი სიამოვნებით აიღებს. ამიტომ ამ შემთხვევაში სესხის გაცემაზე პასუხისმგებელია არა სესხის ამღები, არამედ სესხის გამცემი, ანუ ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის პროცესი მალე უნდა დაიწყოს. კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს რომ არ გაეჭიანურებინა ვეტოდაძლეულ კანონზე ხელმოწერა. ეროვნული ბანკიდან ამ ფუნქციის გამოყოფა ლარის დასტაბილურების ერთ- ერთი, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ვფიქრობ, ლარის კურსი მალე დასტაბილურდება, რადგან მისი გაუფასურება ხელოვნურად – ეროვნული ბანკის მიერ არამართებული ქმედებებით არის გამოწვეული. ხელისუფლებისთვის გადაბრალება, რომ ლარის კურსის გაუფასურება არა ეროვნული ბანკის, არამედ მმართველი გუნდის ბრალია – სრულიად უსაფუძვლოა. გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ნახევარში იმდენი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც არც ერთი წლის ანალოგიურ პერიოდში არ შემოსულა 2008 წლის შემდეგ“,-განუცხადა “კვირას“ მიხეილ დუნდუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ხელმოწერის მიზეზები განმარტა.
“საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია”, – აღნიშნა დავით პატარაიამ.
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები