რა ხდებოდა ლევან კობიაშვილთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე – გიორგი გულბანი დეტალებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. გამართული შეხვედრის შესახებ “კვირას” სპორტის ჟურნალისტი გიორგი გულბანი ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. გულბანის შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და კობიაშვილმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვას უპასუხა.
სპორტის ჟურნალისტი წერს, რომ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟურნალისტების უმეტესობამ კობიაშვილს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებს უყურა, მათი ტექსტები იდენტური აღმოჩნდა. ამასთან, გულბანი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელმაც მასთან ინტერვიუ ჩაწერა, ეთერში ვერ მოხვდა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საღამოს 7 საათზე დაწყებული შეხვედრის ლიმიტი 2 საათი იყო, თუმცა ვეტერან ფეხბურთელთან გულახდილმა საუბარმა იმდენად საინტერესოდ ჩაიარა, რომ შეხვედრამ ლიმიტს გვარიანად გადააჭარბა. საუბრის თემა იყო როგორც სფფ-ს მომავალი არჩევნები, საარჩევნო კამპანია, ქართული ფეხბურთის პრობლემები ასევე ლევანის სპორტული კარიერის თუ პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები. პრეზიდენტობის კანდიდატმა ყველა ჟურნალისტის შეკითხვას ამომწურვი პასუხი გასცა და არც ილუზიებით უცდია ვინმესთვის შთაბეჭდილება მოეხდინა, პირიქით მის სიტყვებში სრული გულწრფელობა აშკარა იყო. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სამთავრობო წრეებთან მისი კონტაქტები და ვიცე-პრემიერთან მეგობრობა იყო, ხომ არ გამოიყენებდა ლევანი ამ კავშირებს არჩევნების მოსაგებად – რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ თუ მას ექნება პატივი, გახდეს პრეზიდენტი, კალაძესთან დიდი ხნის მეგობრობას მხოლოდ ქართული ფეხბურთის კეთილდღეობას მოახმარს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟურნალისტების უმეტესობამ, კობიაშვილს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, გამოსასვლელში კი კამერებით და ჩართვის აპარატურით შეიარაღებული ჩვენი კოლეგა-მეგობრები დაგვხვდნენ ტელევიზიებიდან. სახლში მოსვლის შემდეგ ინტერესით გადავახვიე გასული სიახლეები და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს ტექსტებიც იდენტური ჰქონდა და რესპონდენტებიც ერთი და იგივე ჰყავდათ.
არადა ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი ინტერვიუ ჩაწერა, ჟურნალისტს ვიცნობ ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან ვაფასებ, მიუხედავად იმისა, ამომწურავი „სინქრონი“ გავაკეთეთ და თავადაც კმაყოფილი დარჩა, ჩემი კომენტარი, სავარაუდოდ, განსხვავებულობის გამო „დაიბლოკა“, რაც, ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება არ იყო… ამიტომ ახლა აქ მსურს იმ შეკითხვების და პასუხების მოკლედ დადება, რაც ცისფერ ეკრანზე ვერ მოხვდა. სამი კითხვა იყო: 1. რაზე იყო შეხვედრა – შეხვედრა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა საკუთარი ინიციატივით მოაწყო და ყველა კითხვაზე ძალიან ღია გულწრფელი საუბარი შედგა, იმდენად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა შეხვედრამ, დათქმულ დროს 2 საათს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ.
2. თქვენი შეკითხვა რა იყო და რა პასუხი გაგცათ – ყველაზე მეტად მადარდებდა საარჩევნო კამპანიის და თავად პროცესის სამართლიანი წარმოება, ყველასათვის ცნობილია, რომ ხმის მიცემის მქონე რამდენიმე სუბიექტს ხმის უფლება მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ მოქმედი ხელმძღვანელობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ამაზე კობიაშვილმა მიპასუხა, რომ ის იტოვებს იმედს, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩვლები მხოლოდ ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გააკეთებენ არჩევანს და საკუთარ პირად ინტერესებს ქვეყნის წინ არ დააყენებენ.
3. რამდენად კარგი პროგრამა აქვს კობიაშვილს, თუ იყო შეხვედრაზე ამაზე საუბარი – რა თქმა უნდა ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რასაც ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამსოვლის გზები ჰქვია და ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, კობიაშვილს ყველაზე რეალური და ჯანსაღი პროგრამა და რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოიყვანოს…
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ, ვფიქრობ, ვერასოდეს წავალთ წინ და ვერასოდეს გვექნება წარმატებები ვერც ერთ სფეროში, თუ ცოტათი მაინც თითოეულმა ჩვენგანმა არ შევაფასეთ ჩვენი ქმედება – მხოლოდ ეგოისტური პრინციპებითაა ნაკარნახევი, თუ ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და საერთო ინტერესებით…“ – წერს “კვირას” ჟურნალისტი გიორგი გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები