ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში „კანონიერი ქურდები“ ჩაერთვნენ?- „რეზი არველაძე ბინძური მეთოდებით იბრძვის“

„ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში “კანონიერი ქურდები“ ჩაერთვნენ?-ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში ვრცელ მასალას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრს გრიშა თოდრიას,რომელიც არჩევნებში მხარს მერაბ ჟორდანიას უჭერს, ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პატარაია შუბლის გახვრეტით დაემუქრა.
ინკოგნიტო წყაროს თქმით, პატარაია “კანონიერი ქურდის“- ამირან ებრალიძის მძახალია და მხარს რეზი არველაძეს უჭერს.
ამავე წყაროს მტკიცებით, რეზი არველაძე უკვე ბინძური მეთოდებით იბრძვის და ებრალიძის საშუალებით საქმეში ქურდები ჩარია.
“სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ეს ყველაფერი დაიწყო ლანჩხუთიდან,როცა რეგიონული ფედერაციის ოფისთან ხმაურიანი გარჩევა მოეწყო – გამგეობის წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა,რომ რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ უკანონოდ, წესდების უხეში დარღვევით, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და გამგეობის წევრების თანხმობის გარეშე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა რევაზ არველაძე, ხოლო დელეგატად ხმის უფლებით-გოჩა ტყებუჩავა. თავად კახა ებრალიძე აცხადებს, დებულებაში არსად არ მიწერია, ჩემი გადაწყვეტილება გამგეობის წევრებთან რომ უნდა შემეთანხმებინაო (მაშინ რა საჭიროა გამგეობა?!).
ეს იყო პირველი სერია, მეორე სერიაში საქმე უკვე კანონიერ ქურდებამდე და შუბლის გახვრეტის მუქარამდე მივიდა: ინკოგნიტო წყაროს თქმით, არსებობს ასეთი ადამიანი-გრიშა თოდრია, გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, რომელიც არჩევნებში მხარს უჭერს მერაბ ჟორდანიას. თურმე ბატონ გრიშას შუბლის გახვრეტით დაემუქრა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი შოთა პატარაია.
“პატარაია გახლავთ “კანონიერი ქურდის“, ამირან ებრალიძის მძახალი და მხარს უჭერს რეზი არველაძეს. პატარაია, ასევე მეგობრობს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძესთან კლანური წრე შეკრულია, არველაძე უკვე იბრძვის ბინძური მეთოდებით და ებრალიძის საშუალებით საქმეში ქურდები ჩარია“, – აცხადებს გამოცემასთან სანდო წყარო.
4 სექტემბერს შინაგან საქემთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, რასაც საფუძვლად გრიშა თოდრიას მიმართ განხორციელებული მუქარა დაედო.
“ქრონიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბენო თავბერიძე ასევე აღმასკომის წევრები – გრიშა თოდრია, ამირან ვანიძე და იური ჩხაიძე ავტომანქანით ჩოხატაურიდან მიემგზავრებოდნენ ლანჩხუთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ფედერაციის აღმასკომის კრებაში,სადაც უნდა არჩეულიყო დელეგატი, რომელიც მიიღებდა ხმის უფლებას, შემდეგ კი ამ დელეგატს 3 ოქტომბრისთვის გამოაგზავნიდნენ თბილისში.
“მგზავრობისას გრიშა თოდრიას თავის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შოთა პატარაია, რომელიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი ლანჩხუთი ჩავიდოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ლანჩხუთის სტადიონის დირექტორი, პატარაია“, -აცხადებს წყარო.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო ცხადაძე “ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 151-ე ანუ მუქარის მუხლით.
მუხლი კოდექსში ასე ფორმულირდება: საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები