რა შეცდომებს უშვებენ პირველკლასელთა მშობლები – ფსიქოლოგების რჩევები
სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. პირველადი მონაცემებით 2015-2016 წლის სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 46 660 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადად 23 აპრილიდან 11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა.
სარეგისტრაციო ვადის ხანგრძლივობის მიუხედავად, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სამინისტროს ასეულობით ისეთმა მშობელმა მიმართა, რომლებმაც ვერ მოახერხეს შვილების რეგისტრაცია, ან სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ ეს პერიოდი გამორჩათ. აღნიშნულის გათვალისწინებით განათლების სამინისტრომ დამატებითი რეგისტრაციის ვადა განსაზღვრა.
შესაბამისად, წელს საქართველოს მასშტაბით პირველკლასელთა რიცხვი 46 660-ზე გაცილებით მეტი იქნება.
პირველკლასელთათვის ახალ გარემოსთან შეგუება რთული პროცესია. რამდენად მარტივად შეძლებს მოზარდი ადაპტაციას ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ერთ-ერთი მთავარი როლი ამ პროცესში მშობლებს აკისრიათ. როგორ უნდა გავუადვილოთ შვილებს ახალ გარემოსთან შეგუება, – “კვირასთან “ აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგები საუბრობენ.
მათი ერთ-ერთი მთავარი რჩევაა, ბავშვებს სკოლაში მიყვანამდე არ შეუქმნან გადაჭარბებული თვითშეფასების განცდა, რომ – “ისინი ყველაზე მაგრები არიან“. ფსიქოლოგების თქმით, შემდგომში, როცა ბავშვები სკოლაში დაბრკოლებებს გადააწყდებიან და დაიმსახურებენ შენიშვნას, მათ იმედგაცრუების განცდა დაეუფლებათ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სკოლაში შეყვანამდე მშობლების უმრავლესობა ცდილობს შვილებს წერა -კითხვა და ციფრების ცნობა ასწავლოს, დისციპლინის და სხვა სოციალურ გარემოში ქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავებას კი ნაკლები ყურადღება ექცევა, რაც შემდგომში გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ართულებს ახალ გარემოსთან ადაპტაციას.
“ბავშვებისთვის და განსაკუთრებით იმ კატეგორიის ბავშვებისთვის, რომელთაც ბაღში არ უვლიათ, სკოლა ისეთი სოციალური გარემოა, სადაც მათ მშობლების გარეშე მოუწევს ყოფნა, ამიტომ მათთვის აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს ის, თუ სად მოხვდა. მშობლები მოზარდს ხშირად უმეორებენ, რომ სკოლაში კარგად უნდა ისწავლონ, თუმცა არ უხსნიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასე – საზოგადოებაში “თამაშის წესები” ბავშვისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. სხვათაშორის, ჩვენ გვქონდა კურსი პირველკლასელთა მშობლებისთვის, საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა ამ კურსს ძირითადად დედების და ბებიების მხრიდან. სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს, ეს უნდა მოხდეს სხვადასხვა სახის თამაშების საშუალებით. ერთ-ერთი დიდი შეცდომა გადაჭარბებული მოლოდინის შექმნაა და ბავშვისთვის იმისი შთაგონება, რომ მასზე ძლიერი არავინ არის.
თუმცა, თუ რამე სწორად ვერ გააკეთა ბავშვმა, არც ეს უნდა ვაქციოთ ტრაგედიად. რაც შეეხება შეფასებას, ძალიან მომწონს იაპონური მეთოდი, სადაც მოსწავლეთა ნაშრომების გასწორებისას პედაგოგი წითელ ხაზს უსვამს სწორ სიტყვებს, ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ხედავს, რომ სწორად დაწერა დავალება და ნაკლები შეცდომა აქვს. ჩვენთან პირიქითაა და ბავშვის ყურადღების კონცენტრირება ხდება შეცდომაზე, რაც თვითშეფასებას ადაბლებს.
ასევე, როდესაც ბავშვი იწყებს მეცადინეობას, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ეხმარება გვერდზე მყოფი მას. თუ ჩვენ ავუწევთ ტონს, უკუშედეგს მივიღებთ, ბავშვს მშვიდად უნდა ავუხსნათ, რასაც ვერ იგებს, რომ სწავლის პროცესი მისთვის სასიხარულო იყოს და არა პირიქით“, – აცხადებს “კვირასთან“ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ “სტიმულის“ ხელმძღვანელი დიანა ნიკოლაიშვილი.
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ “მწვანე სახლის“ დირექტორის მარინე ტარასაშვილის თქმით, ბავშვისთვის სწავლის შეყვარების პროცესში მთავარი როლები მშობლებს და მასწავლებელს აკისრიათ. მარინე ტარასაშვილი ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვზე უფროსი დედმამიშვილების მიერ სკოლისა და სწავლისადმი არსებული დამოკიდებულება.
“ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი როგორ აუხსნის სკოლის, სწავლის პროცესის მნიშვნელობას შვილს. საერთოდ სჯობს, რომ ძალიან დიდი მოლოდინები არ გაუჩინოთ ბავშვს წარმატებულობის შესახებ-მშობლები შვილებს ხშირად ეუბნებიან, რომ “შენ ყველაზე მაგარი ხარ“, ზომიერი წახალისება, რა თქმა უნდა, აუცილებელი და მაგრამ გადაჭარბებული შეფასება არ შიძლება.
მასწავლებლის მხრიდან საყვედურის მიღება ასეთ დროს გაცილებით რთულად გადასატანია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის თვალში პედაგოგის ავტორიტეტს.
მშობლები არც თუ ისე ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს პედაგოგების მიმართ, ჯობია რომ ეს ბავშვის თანდასწრებით არ იყოს განხილული, პედაგოგის ცუდმა ავტორიტეტმა ბავშვს შესაძლოა, სწავლის, სკოლაში სიარულის ხალისი დაუკარგოს. ასევე არ იქნება ცუდი, რომ სკოლაში მიყვანამდე ბავშვმა ნახოს თუნდაც სკოლის შენობა, სადაც უნდა ისწავლოს, გაიცნოს მომავალი პედაგოგი, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. შესაძლოა, ბავშვმა ამის გარეშეც ხალისით მოინდომოს სკოლაში სიარული.
ხშირად მშობლები ნერვიულობენ, რა და როგორ იქნება – ასეთი სურათი ბავშვს კიდევ უფრო მეტად ძაბავს. მშობელმა შვილს უნდა უთხრას, რომ თავადაც დადიოდა სკოლაში. თუ პირველკლასელს უფროსი დედმამიშვილები ჰყავს, მათი სკოლაში სიარულის და სწავლის ხარისხი გავლენას ახდენს მასზე.
ბავშვს დისციპლინის უნარი უნდა ჰქონდეს გამომუშავებული-დაჯდეს დახატოს, გააფერადოს დააწებოს, ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდი სკოლაში მიდის და მერხთან ჯდომის ნებისყოფა არ აქვს, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია აკრძალვების დამორჩილება, სოციალური ადაპტაცია, შეიძლება ბავშვი გონებრივად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია, დადიოდა თუ არა ის ბაღში. მანამდე თუ არ დადიოდა, შედარებით გაუჭირდებოდა შეგუება. ბავშვი ცნობისმოყვარეა და ბუნებრივად აინტერესებს სიახლის გაცნობა.
მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს ამ სიახლეს მასწავლებელი. ელემენტარული ანგარიში, ამბის გადმოცემის უნარი სკოლამდელ ასაკში, ნამდვილად შეიძლება გამოუმუშავდეს.
მე უარყოფითად ვუყურებ იმ ტენდენციას, როცა პირველივე კლასიდან კერძო პედაგოგი აჰყავთ ბავშვისთვის. ეს მას რეპეტიტორზე დამოკიდებულს ხდის. ბავშვს ხშირად არ ეძლევა დამოუკიდებლად დაფიქრების, ანალიზის საშუალება.
საერთო ჯამში, სწავლის პროცესი უნდა იყოს საინტერესო და არა დამღლელი ვალდებულება“, – აცხადებს მარინე ტარასაშვილი.
მარიამ ზედგინიძე