ქართული ღვინის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა
ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 2014 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, თითქმის 3ჯერ გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, 50-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ, საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 990 397 ბოთლი ღვინო. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან – რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. რუსეთი 68%-ით ლიდერობს, სადაც იანვარ-თებერვალში 6 865 545 ბოთლია ექსპორტირებული.
„ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ექსპორტის ზრდის დადებითი დინამიკის პარალელურად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალი ბაზრების მოძიება, ასევე არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად“, -განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა.