ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს – ფოტოკოლაჟი
ავღანეთში „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს.
„ალფა“ ასეულის V ოცეულმა ფარვანის პროვინციაში, სოფელ ჯარჩიში სკოლის მოსწავლეებს „ბასტი-ბუბუს“ საბავშო ბაღის აღსაზრდელების მიერ გაგზავნილი სასკოლო ნივთები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ქართული ოცეული ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე ესაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა. სამშვიდობო ოპერაციაში ოცდასამმა ქართველმა და ხუთმა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ოპერაციაში ხუთი ჯავშანმანქანა „მაქსპრო“ იყო ჩართული. ჰაერიდან ოპერაციის უსაფრთხოებას „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.