ლტოლვილები თუ მიგრანტები? ევროპა ჩიხშია

ევროპის ქვეყნებში – მედიაში და პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო აქტიურად განიხილება ერთობლივი გააზრებული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა „მიგრაციულ კრიზისთან“ დაკავშირებით. ამ პრობლემას „ყველაზე სერიოზულ გამოწვევას“ უწოდებენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით.11992290_10204572065973242_797493207_n
ინტერნეტში აღშფოთება გამოიწვია თურქეთის ქალაქ ბოდრუმის სანაპიროსთან მომხდარმა ფაქტმა, როდესაც მიგრანტებით სავსე ორი ნავის ჩაძირვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 წლის ბავშვის ცხედარი ზღვამ ბოდრუმის პლაჟზე გამორიყა.
სამი წლის აილანი თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ კოსზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც 23 მიგრანტით სავსე ორი ნავი ეგეოსის ზღვაში ამობრუნდა და ჩაიძირა. აილანთან ერთად მისი ხუთი წლის ძმა – გალიპი და დედა – რიჰანა დაიღუპნენ. ბავშვების მამა – აბდულა კურდი კი გადარჩა. „ჩემი შვილები ყველაზე ლამაზები იყვნენ, ყოველდღე მეთამაშებოდნენ. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ახლა კი მე აღარაფერი დამრჩა“, – განუცხადა მან „ბი-ბი-სის“. ცნობილი გახდა, რომ მანამდე აბდულას და – ტეემა ამ ოჯახის გაყვანას კანადაში ცდილობდა, მაგრამ ოტავამ დევნილებს თავშესაფარზე უარი უთხრა. 11992302_10204572066133246_77511585_n
ბიჭის დაღუპვის შემდეგ ინტერნეტში დისკუსია გაიმართა, თუ როგორ უნდა მოექცნენ ამ ადამიანებს. პარალელურად ინტერნეტში 3 წლის ბავშვის და მისი ოჯახის წევრების დაღუპვის გამო ათასობით სამძიმრის წერილი ვრცელდება. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნამდვილი რისხვა გამოიწვია დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის პარტიის“ წევრის პიტერ ბაკლიჩის პოსტმა, რომელმაც დაწერა, რომ დაღუპულ ბავშვს კარგად აჭმევდნენ და აცვამდნენ, მაგრამ ის „მშობლების სიხარბის გამო დაიღუპა, რადგანაც მათ ევროპაში უკეთესი ცხოვრება სურდათ“.
ასევე ინტერნეტში აქტიურად განიხილება 320 -ათასიანი ისლანდიის ინიციატივა, რომელმაც 12 ათასი ლტოლვილის მიღების მზადყოფნა გამოთქვა. „აი, მაგალითად, დრეზდენში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მე ძალზე მეპარება ეჭვი, რომ მისი მოსახლეობა 12 ათასი დევნილის მიღებას დათანხმდეს“, – ირონიულად წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი. 11992454_10204572066013243_1508282406_n
თუმცა ამ საკითხს გამოხმაურება გერმანიაშიც მოჰყვა. ბოლო დღეებში საფეხბურთო მატჩებზე სულ უფრო ხშირად შეიძლება ვნახოთ ბანერი: „ლტოლვილებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“
დიდ ბრიტანეთში კი მიგრანტების მიღების კვოტის გაზრდის მოითხოვნით პეტიციამ უკვე 100 ათასი ხელმოწერა მოაგროვა და, შესაბამისად, ბრიტანეთის ხელისუფლება ვალდებულია ის განიხილოს.
ლტოლვილებისთვის კვოტის გაზრდის მოწოდებით ევროკავშირს გაერომ მიმართა. ამასთანავე, გაეროს ლტოლვილების უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ლტოლვილების მისაღებად უკეთესი ბაზა უნდა შექმნან. ეს, პირველ რიგში, საბერძნეთს ეხება, სადაც ლტოლვილების ძირითადი ნაკადი ჩადის.
დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი, რომელიც ლტოლვილების მიღების კვოტების გაზრდის უარყოფის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, ესპანეთსა და პორტუგალიაში მიემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, სირიელი ლტოლვილების მიღების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადებს. ეს საკითხი შეათანხმეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, რომლებმაც ლტოლვილთა გადანაწილების „მუდმივი მექანიზმის“ შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. მიგრანტების ძირითადი მარშრუტი თურქეთზე, საბერძნეთზე, მაკედონიასა და სერბეთზე გადის. ამის შემდეგ მიგრანტები ევროკავშირის წევრ უნგრეთში ხვდებიან – და შემდეგ ცდილობენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადასვლას. ამ თემაზე ძალზე საინტერესო კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომლის თქმით, „მიგრანტების კრიზისი არ არის უნგრეთის პრობლემა, ეს გერმანიის პრობლემაა“. 11996955_10204572065853239_2119732695_n
„არავის არ სურს უნგრეთში, სლოვაკეთში, პოლონეთსა და ესტონეთში დარჩენა. ყველას გერმანიაში ჩასვლა სურს, ჩვენი საქმე კი ის არის, რომ ამ ხალხის დარეგისტრირება მოხდეს“, – განაცხადა ორბანმა.
თავის მხრივ, ბერლინი და პარიზი მიგრანტების საკითხზე უნგრეთს აკრიტიკებს. ფრანსუა ოლანდის და ანგელა მერკელის განცხადებით, ლტოლვილების დაცვა და მათი შეფარება ყველა ქვეყნის ვალდებულებაა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 2 500 მიგრანტი დაიღუპა. გასულ წელს ამ რეგიონში დაღუპულთა რაოდენობამ 3 279 ადამიანი შეადგინა.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ევროკავშირის საზღვარი 300 ათასმა ლტოლვილმა გადაკვეთა, მხოლოდ აგვისტოში მათმა რაოდენობამ 107 ათასი შეადგინა. ყველაზე მეტი ადამიანი სირიიდან გამორბის, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამასთანავე, ევროპაში მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და აზიის სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან.

11997483_10204572065893240_1619931302_n

11997250_10204572066093245_597688038_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები