13 ივნისის სტიქიიდან 2 თვეზე მეტი გავიდა – „კვირა“ დაზარალებულების მდგომარეობით დაინტერესდა
13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. მდინარე ვერეს ადიდებამ განსაკუთრებულად დააზარალა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. 100-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
სტიქიის მეორე დღესვე საქართველოს მთავრობამ დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა და წყალდიდობის შედეგების აღწერა დაიწყო. ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროებში სტიქიის ღამესვე გადაანაწილეს. მათ დასახმარებლად მთელი საქართველო გაერთიანდა – რეგიონებისა და დედაქალაქის მასშტაბით შეგროვილი საკვები, ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები საინიციატივო ჯგუფებს მათთან პერიოდულად მიჰქონდათ.
„კვირა“ სტიიქით დაზარალებულების ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა. მიიღეს თუ არა მათ კომპენსაცია და უზრუნველყო თუ არა სახელმწიფომ ისინი მუდმივი საცხოვრებელი ფართებით, – აღნიშნული კითხვებით თბილსის მერიას მივმართეთ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ორ კატეგორიად გაიყო. პირველ კატეგორიაში 52 ოჯახი შედის, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი დაენგრათ, მეორეში – კი 77, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, უკვე 35-მა დაზარალებულმა ოჯახმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და პირად ანგარიშზე მათ თანხა ჩაერიცხათ. ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ თბილისის მერია დაზარალებულ მოსახლეობას სახლების შესაკეთებლად თანხებს ეტაპობრივად გადაურიცხავს.
„სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ქონების აღწერა და შეფასება მოხდა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ქონება შეფასდა სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით. დაზარალებულები თავისუფალი არიან არჩევანში. მათ შეუძლიათ თავად მონახონ და აარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი ფართი. 35-მა ოჯახმა ხელი უკვე მოაწერა ხელშეკრულებას და პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ თანხა. დანარჩენ ოჯახებსაც გაუკეთდათ შეთვაზება და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ხელშეკრულების გაფორმება. მეორე კატეგორიაში შედის 77 ოჯახი, რომლებსაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები. მერია მათ სახლების შესაკეთებლად თანხებს ეტაპობრივად გადაურიცხავს“, – აცხადებენ მერიაში.
„კვირამ“ სტიქიით დაზარებულებისგან პირადად მოისმინა მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
43 წლის ნინო მამულაშვილი სვანიძის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელია, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალდა. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, დღეის მდგომარეობით მციერწლოვან შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ქირის საფასურს კი სახელმწიფო იხდის. სახლი, რომელშიც ნინო მამულაშვილი სტიქიამდე ცხოვრობდა, საჯარო რეესტრში არ იყო გატარებული, ეს ფაქტორი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაცემას ართულებს.
„სვანიძის ქუჩაძე 50-იანი წლებიდან ვცხოვრობ. სტიქიის შემდეგ სასტუმროში ერთი თვის განმავლობაში ვცხოვრობდით. შემდეგ ნაქირავებ ბინაში გადავედით, რომლის ქირის ფულს სახელმწიფო იხდის. სულ მოდიოდნენ სხვადასხვა კომპანიის თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, საბნებით, ლეიბებით და სხვა საჭირო ნივთებით. ჩემს სახლს მეორე კატეგორია მიანიჭეს. ზონები დაყვეს, ჩვენი საცხოვრებელი ფართი სტიქიის ზონად არ გამოცხადდა და ექვემდებარება ცხოვრებას, აღდგენას ან გარემონტებას. მე სადაც ვცხოვრობ, ჩემი სახლი რეესტრში არ არის გატარებული. ამისთვის ვაგროვებ საბუთებს, მეზობლების ხელმოწერაც კი შევაგროვე, რომ ნამდვილად ამ ბინაში ვცხოვრობ. ამ კვალობაზე ნაღიარები ვარ, როგორც სტიქიით დაზარალებული, საბუთიც კი მომცეს. მაგრამ თანხაზე არ არის ლაპარაკი, თანხით მაშინ დამეხმარებიან, როდესაც დავამტკიცებ, რომ სახლი ნამდვილად ჩემია. მაინტერესებეს, მაღიარეს, როგორც სტიქიით დაზარალებული, იმ ადგილას მაცხოვრებელი, ნუთუ არ შეიძლება დახმარება, ხელშეკრულება გამიფორმონ ამ თანხაზე, რომ გამინადგურდა სახლი, უძრავ- მოძრავი ქონება“,- განაცხადა ნინო მამულაშვილმა.
მამულაშვილების ოჯახის არც ერთი წევრი დასაქმებული არ არის. მათ შემოსავალს მხოლოდ სოციალური დახმარება წარმოადგენს. მამულაშვილების ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
„ოჯახში არავინ მუშაობს, სოციალურად დაუცველები ვართ და დახმარებას ვიღებთ. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. არც კმაყოფილებას და არც უკმაყოფილებას გამოვხატავ ხელისუფლებისგან, ვითხოვთ, რომ დაგვეხმარონ“, – განაცხადა ნინო მამულაშვილმა.
მამულაშვილების ოჯახის მსგავსად, დახმარების მოლოდინშია 13 ივნისს სტიქიით დაზარალებული კიდევ ერთი ოჯახი. კარაპეტიანები დღესდღეობით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. როგორც „კვირას“ კარენ კარაპეტიანმა განუცხადა, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მის ოჯახს რამდენჯერმე პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები გადასცეს. კარაპეტიანები სახელმწიფოს მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.
„დაბადებიდან სვანიძის ქუჩაზე ვცხოვრობ. ახლა ნაქირავებ ბინაში ვარ მე, დედა და ჩემი და. მოქალაქეები მოდიოდნენ, პროდუქტითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით გვეხმარებოდნენ. მე უმუშევარი ვარ, მხოლოდ დედის პენსიაზე ვართ მე და ჩემი და. ასევე სოციალური დახმარება არ გვაქვს. იმედს ვიტოვებ, რომ დაგვეხმარებიან“, – კარენ კარაპეტიანმა.
სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობებზე ნებართვა აღარ გაიცეს და ტერიტორია რეკრეაციული დატვირთვით იქნას გამოყენებული.
მარიამ ლომინაძე