ექსკლუზივი: ოკუპანტები ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე თხილის გადმოტანის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ

სოხუმის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „უცხოეთის მოქალაქეთა“ გადასვლა დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სპუტნიკი“ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „ტექნიკური მიზეზებით“ არის გამოწვეული. ვადები, თუ როდემდე შენარჩუნდება აღნიშნული შეზღუდვა და როდის მოხდება ძველი რეჟიმის აღდგენა, ცნობილი არ არის.
„უცხოეთის მოქალაქეებს აფხაზეთში შესვლა საკონტროლო – გამშვებ პუნქტ „ფსოუს“ გავლით შეუძლიათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გადაწყვეტილების მიხედვით, შეზღუდვა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებზე არ იმოქმედებს.
„კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან ენგურის გავლით თხილის გადმოტანის სანაცვლოდ, მარიონეტული რეჟიმი საფასურს ითხოვს. კერძოდ, უკვე რამდენიმე დღეა ერთი კილოგრამი თხილის გადმოტანის სანაცვლოდ ოკუპანტები ერთი ლარის ეკვივალენტ რუბლს ითხოვენ.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განუცხადა, აღნიშნული ფაქტის გამო გალის დაბალი ზონის მოსახლეობის უმეტესობამ ზუგდიდში და სხვა რაიონებში თხილის გადმოტანაზე უარი თქვა. როგორც გოგოხია აცხადებს, ამ დრომდე მარიონეტული რეჟიმი თხილის გადმოტანის ფაქტებზე მკაცრად რეგირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საფასური დაწესდა, ის, თუ რა ოდენობის თხილი გადმოვა ენგურს გამოღმა, აქეთ, განსაკუთრებულ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
“ზუგდიდში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების საფასური 5 ლარიდან 7 ლარამდე მერეყეობს, ამიტომ გალში მცხოვრებ მოსახლეობას დაწესებული გადასახადის გამო აღარ უღირს თხილის წამოღება და ადგილზე ხდება რეალიზაცია“, – განუცხადა “კვირას“ ოთარ გოგოხიამ.
რაც შეეხება ე.წ. ენგურის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „უცხოეთის მოქალაქეთა“ გადასვლაზე დაწესებულ შეზღუდვას, ოთარ გოგოხიასთვის უცნობია, შეეხება თუ არა ეს შეზღუდვები გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ე.წ. საზღვარს რეგულარულად კვეთენ. გოგხია იმედოვნებს, რომ ასე არ მოხდება.
რაც შეეხება მოახლოებულ სასწავლო სეზონს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ეთნიკურად ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სწავლობენ, პრობლემა არ შეექმებათ.11992280_405867509619438_1279340580_n
შექმნილ ვითარებას „კვირასთან“ საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აფასებს. ჩიტაძის თქმით, რუსეთის მიზანია მაქსიმალურად შეზღუდოს პირდაპირი კონტაქტები ეთნიკურად აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ სურს ეთნიკურად აფხაზებმა დაინახონ სხვაობა, რომელიც არსებობს საქართველოს დანარჩენ ნაწილში. ნიკა ჩიტაძე აღნიშნულ კონტექსტში უეფას სუპერთასის მატჩზე 50-მდე ეთნიკურად აფხაზის თბილისში ჩამოსვლას და ამ ფაქტზე დე ფაქტო ხელისუფლების მკაცრ რეაქციას იხსენებს.
„რუსეთის მიზანია, წინ აღუდგეს პირდაპირ დიალოგს ქართველებსა და აფხაზებს შორის მე არ ვგულისხმობ დე ფაქტო მთავრობისა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას, აქ იგულისხმება ეთნიკურად ქართველი და აფხაზი მოსახლეობის კონტაქტი. მსგავის სახის ურთიერთობის რამდენიმე შემთხვევა ბოლო პერიოდშიც დაფიქსირდა. მაგალითად, ეთნიკურად აფხაზი ადამიანების უეფას სუპერთასის მატჩზე თბილისში ჩამოსვლა და ამ ფაქტზე დე ფაქტო ლიდერების მწვავე რეაქციები. რუსეთი ცდილობს, აფხაზებმა არ დაინახონ განსახვავება აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში არსებულ ვითარებას შორის. არ ნახონ ბათუმი, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აჭარის ავტონომიაში განხორციელდა და მიმდინარეობს. ქართული იდენტობის მოშლის მცდელობას წარმოადგენს გალის რაიონში ქართული ენის შევიწროების პროცესი“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები