რევაზ სოხაძე – “ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია”
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში, დეპუტატების კითხვებს უპასუხა და ინფორმაცია ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების მიმდინარეობაზე მიაწოდა.
მინისტრის განცხადებით, დაბა ბაკურიანში მოსახლეობის 80% – 6 192 აბონენტი – უზრუნველყოფილია წყალმომარაგებით, რომელსაც უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
ამჟამად მიმდინარეობს სათავე კვანძისა და მაგისტრალური მილსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, რომლის შესრულება ამ ეტაპისთვის შეადგენს 37%-ს.
„მიმდინარე პროექტები უზრუნველყოფს ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულ რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულება 2027 წლის მარტშია გათვალისწინებული,“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მიმდინარეობს ბაკურიანის წყალმომარაგების ქსელისა და რეზერვუარების პროექტირება-მშენებლობა, ასევე წყალარინების ქსელის მშენებლობა.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისგან დაზიანებული გზის საფარის გამო, მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას და ვიზიტორებს ბოდიში მოუხადა.