აშშ-ს ზოგიერთ შტატში ლატარიაში მოგებას ვერ იხდიან
აშშ-ს ილინოისის შტატში 25 ათას დოლარზე მაღალი ლატარიის მოგების გადახდაზე მორატორიუმი გამოაცხადეს. Chicago Tribune-ის ინფორმაციით, პრობლემა ისაა, რომ ილინოისის ხელისუფლებამ დღემდე შტატის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა დენი ჩასტინმა ამ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა:
„მე რომ ხელისუფლების წინაშე რამე ვალი მქონოდა, იცით, რას იზამდნენ? მოვიდოდნენ და ამ ფულს უბრალოდ წაიღებდნენ. სულ არ აინტერესებთ, მაქვს თუ არა სახლი და, საერთოდ, ფულის გადახდის შესაძლებლობა“.
ამასთან დაკავშირებით კომპანია Cool Cash-ის წარმომადგენელმა სტივ როსიმ განაცხადა, რომ, ვინაიდან ლატარია მუნიციპალურია, ბიუჯეტის ირგვლივ არსებული სიტუაცია მათაც შეეხო. „ისევე როგორც შტატის სხვა უწყებებს, ჩვენც ეს სიტუაცია შეგვეხო. მსხვილ გადახდებს ამ ეტაპზე ვერ ვახორციელებთ და ზოგიერთი მათგანის გადახდა გადავდეთ“, – განაცხადა როსიმ.
Mercatus Center-ის შეფასებით, აშშ-ს შტატებს შორის ილინოისი „ფისკალური სიჯანსაღით“ ბოლო – 50-ე ადგილს იკავებს. ეს შტატი პენსიების, სოციალური დახმარებების და მუნიციპალური დავალიანების მხრივ აშშ-ს ყველაზე პრობლემური რეგიონია.