ბუტა რობაქიძის მამა სასამართლო პროცესზე დაიკითხა
ბუტა რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს იარაღი გარდაცვალების შემდეგ ჩაუდეს – განაცხადა საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე გარდაცვლილის მამამ სოსო რობაქიძემ.
როგორც მოწმე სოსო რობაქიძემ დაკითხვისას აღნიშნა, მას სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი მაღალჩინოსნები პირად საუბარში უდასტურებდნენ, რომ ბუტა რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს იარაღი გარდაცვალების შემდეგ ჩაუდეს.
სოსო რობაქიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა 2004 წლის 23 ნოემბერი, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღე. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა მაიზერ ლიპარტელიანმა მას პირად საუბარში განუცხადა, თუ როგორ ნახა ბუტა რობაქიძე შემთხვევის ადგილზე დაჭრილი, თუმცა მას არავინ ეხმარებოდა.
რობაქიძემ სასამართლოზე ასევე აღნიშნა, რომ მას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე ესაუბრა და პირად საუბარში უთხრა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ ადეიშვილი, დონაძე და ღვინიაშვილი.
გარდაცვლილის მამამ პროცესზე მოითხოვა ყველა იმ პირის დაკავება, ვინც საქმესთან დაკავშირებით მიცემული ჩვენება შეცვალა. მისივე თქმით, არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ოქრუაშვილს, ისევე, როგორც სააკაშვილს, ადეიშვილს და მერაბიშვილს. რობაქიძემ ასევე დაადასტურა 2012 წელს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძეს და შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს: ირაკლი ფირცხალავას, ზურაბ მიქაძეს, ალექსანდრე გვაზავას, დავით იაშვილს და ზაზა ბაქრაძეს. გამოძიება მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ედავება. სასამართლო პროცესი 4 თებერვალს 12:00 საათზე განახლდება.