კვიტაშვილი – დაჭრილი უკრაინელი გვარდიელი საავადმყოფოში პრეპარატის არარსებობის გამო გარდაიცვალა

უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლი, რომელიც უმაღლესი რადის შენობასთან დაიჭრა, საავადმყოფოში აუცილებელი პრეპარატის არარსებობის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა.
„გვარდიელი პრეპარატის არარსებობის გამო გარდაიცვალა, ეს ძალიან იშვიათი პრეპარატია და ის საავადმყოფოებში სერიოზული ოპერაციების დროს გამოიყენება, როდესაც სისხლს სხვა მეთოდებით ვერ აჩერებ. ზუსტად ასეთი პრეპარატი ჩვენს საავადმყოფოებში არ არის“, – განუცხადა კვიტაშვილმა სააგენტო „უკრინფორმს“.
შეტაკებები უმაღლესი რადას შენობასთან ორშაბათს მოხდა. პოლიციელებმა ჭრილობა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა. ერთი გვარდიელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მოგვიანებით – საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა მომხდარში პარტია “სვობოდა“ დაადანაშაულა. საერთო ჯამში, დაშავდა 140 ადამიანი, დაკავებულია აქციის 18 მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები