ტონი ბლერს მუამარ კადაფის გადარჩენის მცდელობაში ადანაშაულებენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს ლიბიის გარდაცვლილი ლიდერის მუამარ კადაფის გადარჩენის მცდელობაში ადანაშაულებენ. ახლა მას, სავარაუდოდ, ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს.
ეს ბრალდებები მოქმედი პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის შესახებ ბიოგრაფიულ წიგნში გაჩნდა. წიგნის ავტორი ენტონი სელდონი წერს, რომ კემერონს მისმა წინამორბედმა ტონი ბლერმა მიმართა და კადაფთან გარიგება შესთავაზა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს ბლერს კადაფის დაახლოებულმა პირმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ლიბიის ლიდერი დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ბლერმა ამის შესახებ კემერონს შეატყობინა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ეს წინადადება უარყო, ვინაიდან ის კადაფის მხარდამჭერად ჩაითვლებოდა. „ინდეფენდენტის“ ინფორმაციით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობდა, კემერონი დაერმუნებინა, რომ მას კადაფის წინააღმდეგ სამხედო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიეღო. გენერალი დევიდ რიჩარდსი, რომელიც 2010-2013 წლებში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა, აცხადებდა, რომ კემერონის მიერ დაწყებული კამპანია ხელისუფლებიდან კადაფის ჩამოსაშორებლად „კარგად გააზრებული არ არის“.
ამავე წიგნში გენერალ რიჩარდსის სხვა გამონათქვამებიც არის მოყვანილი. გენერლის თქმით, დევიდ კემერონს გამბედაობა არ ეყო და მან 2012 წელს სირიაში ჯარი არ გააგზავნა. ამას კი შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმირებისთვის ხელი შეეშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები