ანგელა მერკელი ევროპაში მიგრანტების თანაბარ გადანაწილებას მოითხოვს

ევროპაში მიგრანტების გადანაწილების შესახებ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში შენგენის შეთანხმების მომავალი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მერკელმა აღნიშნა, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, ზოგიერთი ქვეყნისთვის შენგენის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგება.
ზაფხულის განმავლობაში ევროპაში უკანონო მიგრანტების მონაწილეობით რამდენიმე სერიოზული სკანდალი მოხდა. ეს ადამიანები აფრიკისა და აზიის სახელმწიფოებიდან დასავლეთ ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. აგვისტოში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო კალეს პორტში, საიდანაც მიგრანტები ლა-მანშის გვირაბის მეშვეობით დიდ ბრიტანეთში ჩასვლას ცდილობდნენ.
ბოლო შემთხვევამ კი საზოგადოება შოკში ჩააგდო. ავსტრიაში, ბუდაპეშტი-ვენის ტრასაზე სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც 71 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. უნგრეთის სამართალდამცველებმა მიგრანტების დაღუპვასთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავეს. მას შემდეგ, რაც ავსტრიის მთავრობამ ყველა სატვირთო ავტომანქანის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო, ბუდაპეშტი-ვენის ტრასაზე 20- კილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები