დაზუსტებული ინფორმაციით, უკრაინის უმაღლეს რადასთან შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 120 დაიჭრა
უკრაინის ნაციონალური გვარდიის ერთი მებრძოლი, კიევის უმაღლესი რადას შენობასთან ორშაბათს მომხდარი შეტაკებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
120-ზე მეტი ადამიანი რადასთან მომხდარი შეტაკებების შედეგად დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება დაჭირდათ. 7 მძიმე მდგომარეობაშია. დაპირისპირება უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვამ გამოიწვია, რომელიც ხელისუფლების დეცენტარლიზაციას ეხება.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის თქმით, ნაციონალური გვარდიის წარმომადგენელი ხელყუმბარის ნამსხვრევით გარადაიცვალა, რომელიც მას გულში მოხვდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანმა გულის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო. მილიციამ შეტაკებების 30 მონაწილე დააკავა, მათ შორის ის ადამიანი, რომელმაც შეკრებილებს ხელყუმბარა ესროლა. ავაკოვის განცხადებით, ამ პირმა ხელყუმბარის სროლის ფაქტი უკვე აღიარა. შინაგან საქმეთა მინისტრმა შეტაკებებში პარტია „სვობოდა“ დაადანაშაულა.
„მე პირდაპირ ვადანაშაულებ ამ შეტაკებებში, რასაც ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ოლეგ ტაგნიბოკს და მის პარტია „სვობოდას“. ეს პოლიტიკური ბრძოლა არ არის, ეს არის დანაშაული. ტაგნიბოკმა რადასთან მომიტინგეები კი არა, ბანდიტები მიიყვანა, რომლებიც ჩვენს თანამშრომლებს თავს ესხმოდნენ“, – განაცხადა მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, „სვობოდას“ ლიდერმა არეულობის მოწყობაში ხელისუფლება, კერძოდ კი ავაკოვი დაადანაშაულა.
„ის, რომ ავაკოვმა ასე ოპერატიულად დაასახელა დამნაშავეები, ერთ რამეზე მიუთითებს – ეს პროვოკაცია სწორედ მან მოაწყო. ჩემი აზრით, ხელისუფლების მიზანია სადამსჯელო ოპერაციის განხორციელება, რათა კონსტიტუციაში გამყიდველური ცვლილებების მიღების დროს ამას ხელი ვერავინ შეუშალოს“, – დაწერა ტაგნიბოკმა ფეისბუქში.