„საქართველო კრემლის წინააღმდეგ „ცივილიზაციათა“ ომში“
„საქართველო კრემლის წინააღმდეგ „ცივილიზაციათა“ ომში“, – ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან ინტერვიუს აქვეყნებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაჟინებით ითხოვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, პატივი სცენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ პირობას და აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთთან ცივილიზაციათა ბრძოლაშია ჩართული, – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს მოქალაქეების ინტენსიური გატაცებებით და საჰაერო სივრცის მუდმივი დარღვევით, კრემლი შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ქმედებებით რუსეთი ხელს უშლის თავის სამეზობლოში არსებული დემოკრატიული, წარმატებული და დასავლური ორიენტაციის მქონე ქვეყნის წინსვლას.
„ტელეგრაფთან“ ინტერვიუში თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ რუსეთს უარი უნდა ეთქვას 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრით, ვიდრე ევროპა გამოიღვიძებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრი ქვეყნის ანექსიას შეეცდება, რითაც ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას ჩაუყრის საფუძველს.
საქართველოს ატლანტიკურ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანება რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, რადგან მოსკოვი ნატოს სტრატეგიულ საფრთხედ აღიქვამს. ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რუსეთში ნატოს აგრესიული გაფართოების საპასუხო ნაბიჯად აღიქმება. 2008 წლის ომში გამარჯვების შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ „მცოცავი ანექსიის“ კამპანიას. გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში, ოფიციალურმა მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ ხელისუფლებებთან სხვადასხვა ხელშეკრულებები დადო, რითიც ცდილობს ეს ტერიტორიები „დედასამშობლოში“ დააბრუნოს.
ზაფხულის დასაწყისში რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვარი რამოდენიმე ასეული მეტრით საქართველოს სიღრმეში გადასწიეს, რათა ნავთობსადენზე კონტროლი დაემყარებინათ. ოთხშაბათს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სტალინის მშობლიურ ქალაქ გორთან საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო ე.წ. საზღვართან მცხოვრებ გლეხებსა და სოკოს შემგროვებლებს რუსი ჯარისკაცები ინტენსიურად იტაცებენ. „თუ სამხედრო ვერტმფრენით დამოუკიდებელი ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევ, იმის მოლოდინიც უნდა გქონდეს, რომ გესვრიან და ჩამოგაგდებენ“,- აცხადებს იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იურისტი და საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიმშვიდის შესანარჩუნებლად და არ ვრეაგირებთ. მსგავსი ქმედებების მთავარი იდეა, ჩვენი პროვოკაციაზე წამოგებაა, რათა შემდეგ შეძლონ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს წინააღმდეგ განწყობა. ერთადერთი, რაც ჩვენ გვანაღვლებს, არის ის სტრატეგიული გზა, რომელსაც საქართველო შეუფერხებლად მიუყვება ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ. მათ ერთხელ უკვე შეაჩერეს ჩვენი სვლა დასავლეთისკენ შვიდი წლით და მსგავსის გამეორებას ვერ დავუშვებთ.“
ალიანსში გაწევრიანებას საქართველოს ჯერ კიდევ 2008 წელს შეჰპირდნენ და ამ პროცესში მას აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაც ჰქონდა. თუმცა, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ამ საკითხის მიმართ ფრთხილი პოზიცია უჭირავს. მაგალითისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებაც საკმარისია, რომლის აზრითაც ალიანსი აღარ უნდა გაფართოვდეს. არსებულმა სპეკულაციებმა დაბადა ეჭვები „არის თუ არა მზად მსოფლიო, მიიღოს თავის რიგებში საქართველო“, – აცხადებს ქალბატონი ხიდაშელი.
„იმედგაცრუება და სკეპტიციზმი შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა ეს არ ცვლის იმ იარაღიანი მომხვდური ადამიანების მიდგომას, რომლებიც საქართველოს დედაქალაქიდან 20 წუთის გზაზე ტანკებით არიან გამაგრებულნი. ეს არ ცვლის არც ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მოვიდეთ თქვენთან, საქართველოს საბოლოო დანიშნულების წერტილთან.“ ამ დროის განმავლობაში, საქართველომ ნატოს ოპერაციებში ავღანეთში 11000 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა მოასწრო, ხოლო ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნული სასწავლო ცენტრის გახსნის მიზნით, ხუთშაბათს საქართველოს ესტუმრა. მან ქვეყნის შიდა რეფორმების პროგრესს მაღალი შეფასება მისცა, თუმცა ისიც დასძინა, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ახალი ბაზის გახსნა შესაძლოა „რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი აღმოჩნდეს“. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნატომ არ უნდა დაუშვას ახალი „რკინის ფარდის“ დაშვება ალიანსის არსებულ წევრებსა და მის მოსაზღვრედ მყოფ პარტნიორ ქვეყნებს შორის. ნატოს წევრობა დამოკიდებულია ევროპელ ლიდერებზე, რომლებმაც უნდა აღიარონ, რომ რუსეთი წარმოადგენს „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც გავლენის მოპოვებას შანტაჟითა და სამხედრო კუნთებით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მიამიტი სახე საბოლოოდ დასამარდა უკრაინაში, მაინც გვესმის გაუგებარი განცხადებები „რუსეთის საიმედო პარტნიორობაზე სირიაში, კუბასა თუ ირანში.“
„გაცილებით გართულდება პრობლემების მოგვარება, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ძირითად მიდგომებზე რუსეთთან მიმართებაში და არ ვაღიარებთ, რომ ის წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს.“ 50000 კაციანი პატარა „სამხრეთ ოსეთის“ საქმე არის პრობლემების გადაჭრის ერთგვარი ტესტი დასავლეთისთვის“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი.
„რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ჩვენ გმირებად დავიღუპებით ან გადავრჩებით, როგორც ნორმალური ცივილიზებული ერი, თუმცა ეს ევროპისთვის ბევრ რამეს არ ნიშნავს. ეს ყველაფერი თქვენ, ევროპას გეხებათ. თქვენი ერთიანობა მყარი უნდა იყოს ისეთი რაღაცის წინააღმდეგ, რომელიც ცდება იმ წესებს, რომელიც საუკუნეების წინ თქვენ მიერვე იქნა შექმნილი: „ეს არის ცივილიზაცია, ეს არის საერთაშორისო წესრიგი და ამ წესებით უნდა იხელმძღვანელონ თანამედროვე სახელმწიფოებმა.“
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ სანქციების დაწესებით დასავლეთს უფრო მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსია თავიდან იქნებოდა აცილებული. დასავლეთის მხრიდან რბილი მიდგომის შემდეგ კი რუსეთი დარწმუნებულია, რომ მას საქართველო აპატიეს და მოსკოვის მხრიდან შემდგომი აგრესიული ქმედებების პროვოცირება მოახდინა.“
რუსეთის შესაძლებლობა, უმასპინძლოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს „აბსოლუტურ თანაფარდობაში“ უნდა მოვიდეს ეკონომიკურ სანქციებთან, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დაუწესებს კრემლის ფავორიტ ბიზნესმენებს. „პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი შეცდომა იყო. ეს შეცდომა არ არის მხოლოდ საქართველო და უკრაინა. თუ რუსეთს უკრაინაც შერჩა, ისინი აუცილებლად შეეცდებიან უფრო დიდის დასაკუთრებას, რადგან მათი შთაგონებით მათ შეუძლიათ შექმნან საკუთარი წესები, საკუთარი მიზნები და ამ პროცესში ვერავინ შეაჩერებს“.