ავსტრიის ხელისუფლებამ საზღვარზე ტრაილერების შემოწმება დაიწყო
ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის და უნგრეთის საზღვარზე ტრაილერების შემოწმება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას ერთ-ერთ სატვირთო ავტომობილში მიგრანტების 71 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს.
ტრაილერების შემოწმება იმ ზომების ნაწილია, რასაც ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტების ნაკადის პრობლემის მოსაგვარებლად ახორციელებს. ამ პრობლემას უკვე უწოდეს „ყველაზე სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბოლო დროს მიგრანტები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში სახმელეთო გზით ჩასვლას, ვინაიდან ხმელთაშუა ზღვით მოგზაურობა ძალზე სახიფათოა. 2015 წლის დასაწყისიდან საზღვაო კატასტროფების შედეგად 2000- ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სახმელეთო გზაც სერიოზულ რისკს შეიცავს.
მიგრანტების ცხედრები ავსტრიაში ბუდაპეშტი-ვენის გზის სიახლოვეს, სატვირთო ავტომობილში გასულ ხუთშაბათს იპოვეს. საერთო ჯამში დაიღუპა 59 მამაკაცი, რვა ქალი და ოთხი ბავშვი. პოლიციის ვერსიით, მიგრანტები ტრაილერში გაიგუდნენ. ამის შემდეგ უნგრეთის პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა, ვისაც მიგრანტების უკანონო გადაყვანასთან შეიძლება კავშირი ჰქონოდა.