მინისტრმა და მისმა მოადგილემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე პასუხისგებაში მისცეს
„სანამ ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმყოფება, არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადამსჯელო-რეპრესიული სახე მიიღოს“, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც მინისტრი ამბობს, დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს.
„დღეს ქართულ ციხეებში სისტემურ დანაშაულს ადგილი რომ არ აქვს, ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ სისტემაში ჩახედულია – ვგულისხმობ სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი ციხეების მონიტორინგს ატარებენ. შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ დავმალოთ და არავის ხელი არ დავაფაროთ“, – აცხადებს კახა კახიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მინისტრი ამავე ინტერვიუში იმ პირველ თათბირს იხსენებს, რომელიც მან მინისტრის რანგში თანამშრომლებთან პირველად ჩაატარა.
„დიახ, მე, როგორც მინისტრი, ხელს ვერ და არ დავაფარებ არცერთ ჩემს თანამშრომელს, რომელიც კანონის მოთხოვნებს გადაუხვევს და არცერთ პატიმარს, რომელიც კანონს დაარღვევს. როცა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩავატარე, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი – ყველა ადამიანს, ვინც კარგად მუშაობს, შრომა დაუფასდება, ხოლო ის, ვინც კანონს გადაუხვევს, სულ რომ ჩემი მეგობარი იყოს, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა! სხვათა შორის, როცა სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იყო და მე მისი პირველი მოადგილე, პასუხისგებაში მივეცით ერთ-ერთი დიდი სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელიც კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილა! ასე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – ხელს არავის დავაფარებ!“ – აცხადებს კახიშვილი.