“ნაციონალური მოძრაობა” 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს, 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების თარიღს ეხმაურება.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 1924 წლის 28 აგვისტოს, მთელს ქვეყანაში სამიოდე წლით ადრე დაწყებული საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა დაიწყო.

“მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, აჯანყება დამარცხდა, რასაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაჩაღებული რეპრესიების ტალღა მოჰყვა. ოკუპანტებმა სიცოცხლეს საქართველოს საუკეთესო შვილები გამოასალმეს. დაიწყო ქვეყნის პოლიტიკური, სასულიერო, სამხედრო და ინტელექტუალური ელიტის მთლიანი განადგურების პროცესი. ქართველი ხალხის ბუნებრივ განვითარებას კოლოსალური ზიანი მიადგა. დღევანდელ დღეს, პირველ რიგში, ვალდებულნი ვართ პატივი მივაგოთ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის საქართველოს ათასობით მოქალაქეს – ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სასულიერო პირებს, პოლიტიკური პარტიების წევრებს, გლეხებს, სტუდენტებსა და სხვებს – რომელთაც თავისუფალი, ევროპული და წარმატებული საქართველოს იდეას სიცოცხლე შესწირეს. ამავე დროს, ვალდებულნი ვართ გვახსოვდეს, რომ ამ იდეას დღესაც სწორედ ის ძალა ებრძვის, რომელმაც თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს მოახდინა; ძალა, რომელიც თავს ბოლშევიკური იდეის მემკვიდრედ მიიჩნევს და აქტიურად იყენებს საბჭოთა სიმბოლოებს. საბჭოთა წარსულთან და მის სიმბოლოებთან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება, საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთათვის ღირსეული პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა აუცილებელი წინაპირობაა იმ იდეების საბოლოოდ ხორცშესახსმელად, რომელთა დასაცავად 1924 წლის 28 აგვისტოს, ქართველი ხალხი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები