ირაკლი სასანია: ჯანდაცვის პირველი რგოლის რეფორმა არის მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მაჩვენებელი
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და პირველადი რგოლის რეფორმის მნიშვნელობაზე ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში – ირაკლი სასანია საუბრობს.
„ჯანდაცვის სამინისტრო ერთ–ერთი ყველაზე სოციალურად ორიენტირებული უწყებაა დღესდღეობით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გახლავთ ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა ქვეყანაში. საზოგადოებისთვის ეს დაავადება სერიოზული წნეხი გახლავთ, ვინაიდან ის არა მხოლოდ კონკრეტულად ვირუსის მატარებელი ადამიანს უქმნის პრობლემებს, არამედ მის გარშემომყოფებსაც. ეს გამოიხატება შრომის უუნარობაში, დამატებითი ხარჯების გაღებაში მათი ოჯახების მხრიდან და ა.შ. ასევე წარმატებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც.
რაც შეეხება ჯანდაცვის პირველი რგოლის რეფორმას, ისევე როგორც ზემოხსენებული პროექტები, ეს გახლავთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის მაჩვენებელი თავისი მოსახლეობის წინაშე, ამიტომ არ შეიძლება, რომ ჯანდაცვის რომელიმე პროექტი არ იყოს სოციალურად ორიენტირებული“, – მიაჩნია სასანიას.
სასანიას თქმით, პირველადი ჯანდაცვა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ასევე დიდი ვალდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან.
„ნებისმიერი მასშტაბური პროექტი და რეფორმა ხარვეზების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან მან ძალიან ბევრი გამოცდა და ტესტი უნდა გაიაროს და დაიხვეწოს კიდეც თანდათან. ცხადია, არის და იქნება ხარვეზები, ვინაიდან ამ პროექტების შემუშავება და ამუშავება ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა. თუმცა იმდენმა ადამიანმა ნახა შვება სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის წყალობით, რომ ამასთან შედარებით ხარვეზები უმნიშვნელოდ მიმაჩნია.
რაც შეეხება მედიკამენტებზე არსებულ ფასებს, ვიცი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ცდილობს, რომ ბაზარი მაქსიმალურად გადავიდეს ჯენერიკ მედიკამენტებზე, რომლებიც გაცილებით იაფია. ჯენერიკულ წამლებს როდესაც ვახსენებ, არ ნიშნავს ეს იმას, რომ სამინისტროს მათზე არსებული ფასების რეგულირება შეუძლია. არამედ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებს მიუთითონ, რომ გამოიყენონ ჯენერიკული წამლები, რომლებიც არ არის ბრენდული, თუმცა ხარისხით მათი მსგავსია, ხოლო ფასით – ნაკლები. არსებობს ასევე სპეციალური ჰოსპიტალური შეფუთვები, რომლებიც გაცილებით იაფია, ვიდრე საცალო და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტროს ინტერესშიც შედის ეს საკითხი და ამ მხრივაც სწორად იქნება ნაბიჯები გადადგმული სამომავლოდ“, – აღნიშნა ირაკლი სასანიამ.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად, პირველადი ჯანდაცვა ახალი პრიორიტეტული მიმართულება ხდება სახელმწიფოსათვის. სამინისტროს პირველადი რგოლის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.